ფხენიანიდან ნასროლი ბალისტიკური რაკეტა იაპონიის ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა
18/11/2022 06:11:05 მსოფლიო
ბოლო ორ დღეში ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა მეორედ ისროლა.
იაპონიის მთავრობის ინფორმაციით, ფხენიანის სუნანის რაიონიდან დღეს დილით გაშვებული რაკეტა იაპონიის ეკონომიკური ზონის აკვატორიაში ჩამოვარდა. ინფორმაცია გემების, ან თვითმფრინავების დაზიანების შესახებ არ გავრცელებულა.
სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ფხენიანიდან ნასროლმა რაკეტამ დაახლოებით ათას კილომეტრზე იფრინა. სეულში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვიეს.
გაეროს რეზოლუციებით ჩრდილოეთ კორეას აკრძალული აქვს ბალისტიკური რაკეტების გამოცდა. მიუხედავად ამისა, მხოლოდ 2022 წლის დასაწყისიდან ფხენიანმა 50-ზე მეტი გამოცდა ჩაატარა. ჩრდილოეთ კორეის ქმედებებს აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია ერთობლივი სამხედრო მანევრებით პასუხობენ.


