მარცვლეულის ინიციატივა 120 დღით გახანგრძლივდა
17/11/2022 07:55:20 მსოფლიო
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ ალექსანდრე კუბრაკოვის განცხადებით, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა 120 დღით გახანგრძლივდა.
მისი თქმით, საკითხი გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს, პრეზიდენტ ზელენსკისა, ასევე თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს შორის შეთანხმდა.
მოგვიანებით, უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ანტონიო გუტერეშმაც დაადასტურა.
საომარი მოქმედებების ფონზე უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაერო–ს შუამავლობით 22 ივლისს სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით, უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის განახლების შეთანხმებას, რომლის მოქმედების ვადა 17 ნოემბერს იწურებოდა. გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთის და გაერო–ს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, 1 აგვისტოდან უკრაინიდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11 მილიონ ტონაზე მეტი აგროპროდუქცია. ოლექსანდრ კურბაკოვის განცხადებით, უკრაინამ პარტნიორებს მიმართა, რომ შეთანხმება სულ მცირე 1 წლით გაგრძელდეს და პორტების ჩამონათვალს დაემატოს ნიკოლაევის საზღვაო ნავსადგური. კიევი ამ წინადადებაზე პასუხს ელოდება.


