გაერო-ში უკრაინის ელჩი: "მზად ვართ, ვითანამშრომლოთ პოლონურ მხარესთან რაკეტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაში"
17/11/2022 06:14:16 მსოფლიო
გაერო-ში უკრაინის ელჩ სერგი კისლიცას განცხადებით, მისი ქვეყანა მზადაა, ითანამშრომლოს პოლონურ მხარესთან რაკეტების ჩამოვარდნასთან დაკავშირებულ გამოძიებაში.
"უკრაინა სოლიდარობას უცხადებს მოძმე პოლონელ ხალხს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა. ჩვენ მხარს ვუჭერთ გამჭვირვალე გამოძიებას ამ ტრაგიკული ინციდენტის ყველა ფაქტის დასადგენად და მზად ვართ ვითანამშრომლოთ პოლონურ მხარესთან, რათა წვლილი შევიტანოთ ამ გამოძიებაში“, - განაცხადა კისლიცამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
მისი თქმით, რუსეთის თავდასხმები ჰუმანიტარულ კატასტროფას ქმნის, რომელიც შესაძლოა უკრაინის ფარგლებს გარეთ გავრცელდეს.
ცნობისთვის: 15 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა ჩამოვარდა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
პოლონეთის ხელისუფლება ჯერ-ჯერობით დანამდვილებით ვერ ამბობს, ვინ ისროლა რაკეტა.
16 ნოემბერს პოლონეთის პრეზიდენტმა, ნატო–ს გენმდივანმა და აშშ–ის თავდაცვის მინისტრმა განაცხადეს, რომ "წინასწარი მონაცემებით, პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა სავარაუდოდ, უკრაინამ რუსული იერიშის მოსაგერიებლად გაისროლა". მათი თქმით, "მომხდარზე საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს".


