ბრიტანეთმა ევროპაში პირველი კოსმოდრომის ამოქმედების ლიცენზია მიიღო
16/11/2022 19:21:20 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა პირველი ბრიტანული კოსმოდრომის ამოქმედების შესახებ ლიცენზია გასცა.
კოსმოდრომის კორნუოლში მდებარეობს. მისი მშენებლობა უკვე თითქმის დასრულებულია და მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის ბოლოს იქიდან დედამიწის თანამგზავრის გაშვება მოხდება.
კორნუოლში მდებარე კოსმოდრომი პირველი იქნება არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ ევროპაშიც. ახლა ევროპული ქვეყნების საკუთრებაში სამი კოსმოსური ნავსადგურია: ერთს მართავს იტალია, კიდევ ორს - საფრანგეთი, მაგრამ ისინი ყველა მდებარეობს ევროპის ტერიტორიიდან მოშორებით, ეკვატორთან.
საკომუნიკაციო თანამგზავრი, რომელიც Virgin Orbit-ს ეკუთვნის, გაშვებული იქნება მოდიფიცირებული Boeing 747-ის ტიპის თვითმფრინავის მიერ. კომპანიის მფლობელი რიჩარდ ბრენსონი იმედოვნებს, რომ ყველა ნებართვას რამდენიმე კვირაში მიიღებს.
ახლა დიდ ბრიტანეთში კოსმოსურ მრეწველობაში დაახლოებით 47 ათასი ადამიანი მუშაობს. ეს ქვეყანა აწარმოებს უფრო მეტ თანამგზავრს, ვიდრე ნებისმიერი სხვა სახელმწიფო აშშ-ს გარდა. მთავრობის შეფასებით, ბრიტანეთში საკუთარი კოსმოდრომის არსებობა მომდევნო ათწლეულში მის ეკონომიკას 4,5 მილიარდ დოლარს მოუტანს.


