მარკ მილი: "პოლონეთში რაკეტის აფეთქების შემდეგ ვცადე დაკავშირება რუს კოლეგასთან, მაგრამ მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა"
16/11/2022 19:02:44 მსოფლიო
აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის გენერალ მარკ მილის განცხადებით, პოლონეთში რაკეტის აფეთქების შემდეგ მან რუს კოლეგა ვალერი გერასიმოვთან დაკავშირება სცადა, მაგრამ "მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა".
”გუშინ მე ვესაუბრე უკრაინელ და პოლონელ კოლეგებს, ასევე – თავდაცვის რიგ მაღალჩინოსნებს ევროპაში. რაც შეეხება რუსეთს, ჩემმა პერსონალმა ვერ შეძლო ჩემი დაკავშირება გენერალ გერასიმოვთან”, - განაცხადა მილიმ პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე.
ცნობისთვის: 15 ნოემბერს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო იერიშის დროს ორი რაკეტის პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდის შესახებ სხვადასხვა წყაროები იუწყებიან. Radio Zet-ის ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ პრჟევოდაში, ლუბელსკის რაიონში მდებარე მარცვლეულის საცავის მიდამოებში. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
რუსული რაკეტების მიერ პოლონეთის საზღვრის კვეთისა და შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი Associated Press-ს აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმაც დაუდასტურა.
ცნობებს „ესკალაციის მიზნით განზრახ პროვოკაცია“ უწოდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
პოლონეთის ხელისუფლება ჯერ-ჯერობით დანამდვილებით ვერ ამბობს, ვინ ისროლა რაკეტა.
16 ნოემბერს პოლონეთის პრეზიდენტმა და ნატოს გენმდივანმა განაცხადეს, რომ "წინასწარი მონაცემებით, პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა სავარაუდოდ, უკრაინამ რუსული იერიშის მოსაგერიებლად გაისროლა".


