ოსტინი – პოლონეთში რაკეტის აფეთქების შესახებ: "როგორიც არ უნდა იყოს საბოლოო დასკვნა, მსოფლიომ იცის, რომ პასუხისმგებლობა ამ ინციდენტზე ეკისრება რუსეთს"
16/11/2022 17:52:31 მსოფლიო
აშშ–ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, პოლონეთში რაკეტის აფეთქების ფაქტზე "პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება". ამის შესახებ მან პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ჩვენ ვერაფერი ვნახეთ, რაც ეწინააღმდეგება [პოლონეთის] პრეზიდენტ დუდას წინასწარ შეფასებას, რომლის თანახმად, ეს აფეთქება სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტის შედეგი იყო, რომელიც, სამწუხაროდ, პოლონეთში ჩამოვარდა. როგორიც არ უნდა იყოს საბოლოო დასკვნა, მსოფლიომ იცის, რომ პასუხისმგებლობა ამ ინციდენტზე ეკისრება რუსეთს", – განაცხადა ოსტინმა.
როგორც მან აღნიშნა, "რუსეთმა აირჩია, რომ თავს დაესხას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ხოლო უკრაინას აქვს უფლება თავი დაიცვას".
მისი თქმით, აშშ-ს აქვს „სრული ნდობა პოლონეთის მთავრობის მიერ წარმოებული გამოძიებისადმი":
„ისინი ამ გამოძიებას პროფესიონალურად ატარებენ. ჩვენ ვაპირებთ მჭიდრო კავშირში ვიყოთ ჩვენს პოლონელ კოლეგებთან, ასევე ნატო–ს მოკავშირეებთან და სხვა ღირებულ პარტნიორებთან“.
ცნობისთვის: 15 ნოემბერს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო იერიშის დროს ორი რაკეტის პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდის შესახებ სხვადასხვა წყაროები იუწყებიან. Radio Zet-ის ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ პრჟევოდაში, ლუბელსკის რაიონში მდებარე მარცვლეულის საცავის მიდამოებში. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
რუსული რაკეტების მიერ პოლონეთის საზღვრის კვეთისა და შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი Associated Press-ს აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმაც დაუდასტურა.
ცნობებს „ესკალაციის მიზნით განზრახ პროვოკაცია“ უწოდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
პოლონეთის ხელისუფლება ჯერ-ჯერობით დანამდვილებით ვერ ამბობს, ვინ ისროლა რაკეტა.
16 ნოემბერს პოლონეთის პრეზიდენტმა და ნატოს გენმდივანმა განაცხადეს, რომ "წინასწარი მონაცემებით, პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა სავარაუდოდ, უკრაინამ რუსული იერიშის მოსაგერიებლად გაისროლა".


