სტოლტენბერგი: "ახლა ნატო–ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კიევისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაა"
16/11/2022 13:47:00 მსოფლიო
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ "ახლა ალიანსის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კიევისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაა".
მისი თქმით, პოლონეთში რაკეტის აფეთქების შემდეგ მან სატელეფონო საუბრები გამართა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასა და აშშ-ის ლიდერ ჯო ბაიდენთან.
„ჩვენი წინასწარი ანალიზის თანახმად, ინციდენტი სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტით იყო გამოწვეული, რომელიც რუსული ფრთოსანი რაკეტების თავდასხმების მოსაგერიებლად, უკრაინის ტერიტორიის დასაცავად გაისროლეს. მაგრამ ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, ეს არ არის უკრაინის ბრალი. რუსეთს ეკისრება საბოლოო პასუხისმგებლობა, რადგან ის აგრძელებს თავის უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, სარაკეტო ინციდენტი აჩვენებს, რომ ომი "აგრძელებს სახიფათო სიტუაციების შექმნას" და რომ "კონფლიქტზე პასუხისმგებელი პრეზიდენტი [ვლადიმირ] პუტინია".
„არ გვაქვს იმის ნიშანი, რომ პოლონეთში ინციდენტი იყო ნატო-ს ტერიტორიაზე განზრახული თავდასხმის შედეგი. ჩვენ არ გვაქვს მაჩვენებლები, რომ რუსეთი გეგმავს შეტევით სამხედრო ქმედებებს ნატო-ს მოკავშირეების წინააღმდეგ. ეს აჩვენებს საფრთხეს, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან, მაგრამ არ ცვლის ჩვენს ფუნდამენტურ შეფასებას ნატო-ს მოკავშირეების წინააღმდეგ საფრთხესთან დაკავშირებით. ეს აჩვენებს მონიტორინგის მნიშვნელობას, რომ ვიყოთ ფხიზლად", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის: 15 ნოემბერს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო იერიშის დროს ორი რაკეტის პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდის შესახებ სხვადასხვა წყაროები იუწყებიან. Radio Zet-ის ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ პრჟევოდაში, ლუბელსკის რაიონში მდებარე მარცვლეულის საცავის მიდამოებში. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
რუსული რაკეტების მიერ პოლონეთის საზღვრის კვეთისა და შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი Associated Press-ს აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმაც დაუდასტურა.
პოლონეთის ხელისუფლება ჯერ-ჯერობით დანამდვილებით ვერ ამბობს, ვინ ისროლა რაკეტა.
ცნობებს „ესკალაციის მიზნით განზრახ პროვოკაცია“ უწოდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.


