დუდა: "დიდი ალბათობით, პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინული საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთი რაკეტა დაეცა"
16/11/2022 11:48:50 მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას განცხადებით, "არ არსებობს მინიშნება, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე რაკეტის აფეთქების ფაქტი პოლონეთზე მიზანმიმართული თავდასხმა იყო".
"არ არსებობს მინიშნება, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა პოლონეთზე. სავარაუდოდ, ეს იყო რუსული წარმოების C-300 ტიპის რაკეტა. ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ეს იყო რუსული მხარის მიერ გასროლილი რაკეტა", - განაცხადა დუდამ და დასძინა, რომ არსებობს „ბევრი მინიშნება“, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც „სამწუხაროდ ჩამოვარდა პოლონეთის ტერიტორიაზე“.
მისი თქმით, რაკეტის აფეთქება უკრაინული მხრიდან განხორციელებული "სავარაუდოდ, უბედური შემთხვევა იყო", რომელიც შემომავალი რუსული რაკეტების ჩამოსაგდებად გაისროლეს.
"დიდი ალბათობით" უკრაინული საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთი რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა", - განაცხადა მან პრეს–კონფერენციაზე.
ცნობისთვის: 15 ნოემბერს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო იერიშის დროს ორი რაკეტის პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდის შესახებ სხვადასხვა წყაროები იუწყებიან. Radio Zet-ის ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ პრჟევოდაში, ლუბელსკის რაიონში მდებარე მარცვლეულის საცავის მიდამოებში. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
რუსული რაკეტების მიერ პოლონეთის საზღვრის კვეთისა და შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი Associated Press-ს აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმაც დაუდასტურა.
პოლონეთის ხელისუფლება ჯერ-ჯერობით დანამდვილებით ვერ ამბობს, ვინ ისროლა რაკეტა.
ცნობებს „ესკალაციის მიზნით განზრახ პროვოკაცია“ უწოდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.


