Accentnews.ge
რუსი ჟურნალისტები და აქტივისტები საქართველოში არ შემოუშვეს

რუსი ჟურნალისტები და აქტივისტები საქართველოში არ შემოუშვეს

16/11/2022 09:58:42 საზოგადოება

უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში საქართველოში შემოშვებაზე უარი უთხრეს ექვს რუს ჟურნალისტსა და აქტივისტს – ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ ორგანიზაცია Free Russia Foundation-ის სამხრეთ კავკასიის განყოფილების დირექტორმა ეგორ კუროპტევმა განუცხადა.

როგორც გამოცემა წერს, საქართველოში შესვლა ვერ შეძლო Проект-ის ჟურნალისტმა კატია არენინამ, Pussy Riot-ის აქტივისტმა ნიკა ნიკულინამ და „მედიაზონის“ რედაქციის მენეჯერმა გალა ლატიგოვსკაიმ.

როგორც გამოცემა Агентство-ს არენინამ განუმარტა, იგი საზღვრიდან 14 ნოემბერს გააბრუნეს. მესაზღვრეებმა მას გადასცეს დოკუმენტი, რომელშიც უარის საფუძვლად „სხვა მიზეზი“ იყო დასახელებული:

„გადავეცი პასპორტი, თანამშრომელმა რაღაც დაინახა თავის კომპიუტერში და 10 წუთის განმავლობაში უბრალოდ დუმდა“.

არენინას თქმით, დაახლოებით 40 წუთის შემდეგ მასთან სასაზღვრო სამსახურის სხვა თანამშრომელი მივიდა და უარის შესახებ ცნობა გადასცა:

„მითხრა: ეკატერინა, ჩვენ უარს გეუბნებით საქართველოში შესვლაზე, ჩვენი საუბარი იწერება, მეტის არაფრის განმარტება არ შემიძლია“.

Pussy Riot-ს აქტივისტი ნიკა ნიკულშინა საქართველოში პირველი ნოემბრის დილით არ შემოუშვეს.

„საზღვარზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში დამაყოვნეს. ბუნებრივია, სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებს სიტყვიერად არაფერი განუმარტავთ, ჩემთვის გადმოცემულ დოკუმენტში, გრაფაში Other მონიშვნაა გაკეთებული, ალბათ, როგორც ყველას“, - უთხრა Агентство-ს ნიკულშინამ.

Pussy Riot-ს აქტივისტი ნიკა ნიკულშინა რუსეთიდან საქართველოში გასული წლის ივლისში ჩამოვიდა, მას იმ ბინის მეპატრონესთან, სადაც მანამდე ცხოვრობდა, არენდის წინასწარი ექვსთვიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. გალა ლატიგოვსკაია, რომელიც საქართველოში 2 ნოემბერს მოფრინავდა, Агентство-სთან საუბარში ამბობს, რომ მესაზღვრეებისგან საერთოდ არანაირი განმარტება მიუღია:

„არაფერი არ უთქვამთ. 50 წუთის განმავლობაში ვიცდიდი [სასაზღვრო კონტროლის პუნქტთან], ჩემთან მოირბინა ადამიანმა, მკითხა, რომელი რეისით ჩამოფრინდიო, ვუთხარი რომ Turkish Airlines-ით, შემობრუნდა და მითხრა: ჩქარა, ჩქარა, ჩქარა, თქვენ ახლა უკან გაფრინდებით“.

დღეს მედიასთან საუბარში შსს მინისტრის მოადგილემ განმარტა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოშვებასთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა, მისი თქმით, იმ პირებს, რომლებმაც შესაძლოა, ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნან, საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან და ქვეყნის საზღვრიდან აბრუნებენ:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაკეთდა განცხადება, რომ ჩვენ ყველა იმ სამართლებრივ ბერკეტს ვიყენებთ, რაც არსებობს. ვახორციელებთ კონტროლს საზღვარზე, კერძოდ, ხდება შემომსვლელი პირების შემოწმება, მათ შორის ხდება დოკუმენტური შემოწმება იმისათვის, რომ მათ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტები ჰქონდეთ. გარდა ამისა, თუკი მათ აქვთ ოკუპირებული ტერიტორიების კვეთის შემთხვევები, ბუნებრივია, მათი დაშვება არ ხდება და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები ტარდება. ასევე სხვადასხვა უწყებასთან ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ იმ პირებს, რომლებმაც შესაძლოა, ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნან, უარის ვეუბნებით და ქვეყნის საზღვრიდან გაბრუნება ხდება. ეს არის ის პროცედურა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S