
კალაძე – მეტროს სადგურ "ახმეტელში" შექმნილი ვითარების თაობაზე: "ეს არც ჩემზეა დამოკიდებული, პრობლემას წარმოადგენს მოძველებული ინფრასტრუქტურა"
16/11/2022 08:24:59 საზოგადოება
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, მეტროს სადგურ "ახმეტელის თეატრში" ე.წ. ტურნიკეტებთან დაკავშირებული პრობლემის აღმოსაფხვრელად მოკლევადიან და გრძელვადიან პროექტებზე მუშაობენ.
მისი თქმით, პრობლემა მოძველებული ინფრასტრუქტურაა.
„დღეს „ახმეტელის“ მეტროში გვქონდა გარკვეული პრობლემები ტურნიკეტების თვალსაზრისით, რამდენიმე ტურნიკეტს პრობლემა შეექმნა, რამაც ძალიან დიდი პრობლემა გამოიწვია, მგზავრების შესაბამის რაოდენობას ვერ ატარებდა. ამან მეტროს გარეთ ადამიანების დაჯგუფება გამოიწვია. საზოგადოებას ბოდიში მინდა მოვუხადო, ეს არც ჩემზეა დამოკიდებული, ეს არის მოძველებული ინფრასტრუქტურა, რაც პრობლემას წარმოადგენს, თუმცა, ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დაწყებული გვაქვს პროექტის განხორციელება. არის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროექტები. მოკლევადიანი პროექტის შინაარსი არის ის, რომ ტურნიკეტების რაოდენობა გაიზრდება, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი ადამიანი გავატაროთ, უფრო მეტი ადამიანი ჩავა მეტროში. მეორე, გრძელვადიანი პროექტი არის „ახმეტელის მეტროს მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელის პროექტის განხორციელება, რომელსაც “აზიის განვითარების ბანკთან“ ერთად ვახორციელებთ და უახლოეს მომავალში ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით“, - განაცხადა კალაძემ.