ერდოღანი: "პროვოკაცია იქნება იმის დაჟინებით თქმა, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთიდანაა გაშვებული"
16/11/2022 06:43:19 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, იგი სერიოზულად აღიქვამს რუსეთის განცხადებას პოლონეთში მომხდარ ინციდენტში მოსკოვის არმონაწილეობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ "ქვეყნის ტერიტორიაზე რაკეტის აფეთქება სავარაუდოდ, ტექნიკური შეცდომა იყო".
„მე შევხვდი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს. ზოგადი შთაბეჭდილება ისეთია, რომ ეს რაკეტა არ არის რუსული წარმოების და ეს განაცხადი გზას უხსნის გარკვეულ ფაქტებს, ამიტომ არ ღირს დაჟინებით იმის თქმა, რომ ეს რაკეტა გაშვებულია რუსეთიდან. ამის თქმა იქნება პროვოკაცია“, – განაცხადა ერდოღანმა ბალიში G20-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
მან დასძინა, რომ "მშვიდობა შეიძლება, დამყარდეს მხოლოდ დიალოგით".
ცნობისთვის: 15 ნოემბერს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო იერიშის დროს ორი რაკეტის პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდის შესახებ სხვადასხვა წყაროები იუწყებიან. Radio Zet-ის ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ პრჟევოდაში, ლუბელსკის რაიონში მდებარე მარცვლეულის საცავის მიდამოებში. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
რუსული რაკეტების მიერ პოლონეთის საზღვრის კვეთისა და შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი Associated Press-ს აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმაც დაუდასტურა.
პოლონეთის ხელისუფლება ჯერ-ჯერობით დანამდვილებით ვერ ამბობს, ვინ ისროლა რაკეტა.
ცნობებს „ესკალაციის მიზნით განზრახ პროვოკაცია“ უწოდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.


