რეზნიკოვი: "ხელთათამანი ნასროლია. გამარჯვების დროა"
16/11/2022 04:58:10 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსეი რეზნიკოვი პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის აფეთქების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ხელთათამანი ნასროლია და ახლა გამარჯვების დროა".
"ეს რეალობაა, რომლის შესახებაც ჩვენ გაფრთხილებდით. ჩვენ ვითხოვდით ცის ჩაკეტვას, რადგან ცამ არ იცის საზღვრები რუსეთის უკონტროლო რაკეტებისთვის, არც იმ საფრთხის გამო, რომელსაც ისინი ატარებს ევროკავშირისა და ნატო-ს მისამართით. ხელთათამანი ნასროლია. გამარჯვების დროა“, – წერს რეზნიკოვი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, უკრაინა მხარს უჭერს მომხდარი ინციდენტის გამოძიებას.
„უკრაინა ფარია ევროკავშირისთვის და ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ თავი ტერორისტი სახელმწიფოსგან“, – ამბობს რეზნიკოვი.
ცნობისთვის: 15 ნოემბერს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო იერიშის დროს ორი რაკეტის პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდის შესახებ სხვადასხვა წყაროები იუწყებიან. Radio Zet-ის ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ პრჟევოდაში, ლუბელსკის რაიონში მდებარე მარცვლეულის საცავის მიდამოებში. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
რუსული რაკეტების მიერ პოლონეთის საზღვრის კვეთისა და შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი Associated Press-ს აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმაც დაუდასტურა.
ცნობებს „ესკალაციის მიზნით განზრახ პროვოკაცია“ უწოდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.


