ბაიდენი: "ნაკლებ სავარაუდოა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე აფეთქებული რაკეტა რუსეთიდანაა ნასროლი"
16/11/2022 04:11:29 მსოფლიო
ნაკლებ სავარაუდოა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე აფეთქებული რაკეტა რუსეთიდანაა ნასროლი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზირდენტმა ჯო ბაიდენმა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე განაცხადა, სადაც „დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტის ფარგლებში საგანგებო შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები პოლონეთში მომხდარ აფეთქებას იძიებენ და გამოძიების დასრულებამდე საბოლოო დასკვნების გამოტანა ნაადრევია, თუმცა, პირველადი ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაკეტა რუსეთიდან ისროლეს
„არ მინდა ამის თქმა მანამდე, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, მაგრამ ტრაექტორიის მიხედვით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ის რუსეთიდან იყო ნასროლი, მაგრამ ვნახავთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
საგანგებო შეხვედრაში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამო მოიწვია, მონაწილეობდნენ გერმანიის, კანადის, ნიდერლანდის, ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და იაპონიის ლიდერები.
ცნობისთვის: 15 ნოემბერს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო იერიშის დროს ორი რაკეტის პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდის შესახებ სხვადასხვა წყაროები იუწყებიან. Radio Zet-ის ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ პრჟევოდაში, ლუბელსკის რაიონში მდებარე მარცვლეულის საცავის მიდამოებში. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
რუსული რაკეტების მიერ პოლონეთის საზღვრის კვეთისა და შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი Associated Press-ს აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმაც დაუდასტურა.
ცნობებს „ესკალაციის მიზნით განზრახ პროვოკაცია“ უწოდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.


