პატრუშევმა "ცენტრალური რუსეთის დასაცავად მზადების" ბრძანება გასცა
15/11/2022 14:39:45 მსოფლიო
ცენტრალურ რუსეთში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებისა და საშუალებების გაძლიერებაა აუცილებელი, - განაცხადა დღეს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა და იქვე დასძინა, რომ "ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები უნდა მომზადდეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და პოტენციურად საშიში ობიექტების განლაგების რაიონების დასაცავად".
საუბარია ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ასევე ბიოლოგიურ და ქიმიურ ობიექტებზე, ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე, საგანმანათლებლო ორგანიზაციებსა და მოქალაქეთა მასობრივი თავშეყრის ადგილებზე, - განმარტა პატრუშევმა ბრიანსკში, ცენტრალური ფედერალური ოლქის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ სხდომაზე საუბრისას.
"რუსეთის ცენტრალურ რეგიონებში უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები გააქტიურდნენ. ბოლო დროს ვითარება ხასიათდება დასახლებულ პუნქტებზე სისტემატიური თავდასხმებით იმ არტილერიის, უპილოტო საფრენი აპარატებისა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, რომლებსაც უკრაინას აშშ და ნატო-ს სხვა ქვეყნები აწვდიან. სამიზნეებს, როგორც წესი, წარმოადგენს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, რომელთა ნაწილის დაზიანება მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს უქმნის და ეკონომიკაც მნიშვნელოვნად შეიძლება, დააზიანოს. რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს აშშ, რომელიც სამხედრო ძალას ზრდის და ჩვენს საზღვრებთან ნატო-ს ძალებს შლის, კიევის მარიონეტულ რეჟიმს კი რუსეთის წინააღმდეგ "უროდ" იყენებს. აშშ-ის საბოლოო მიზანს რუსეთის დასუსტება, დანაწევრება და განადგურება წარმოადგენს" - განაცხადა პატრუშევმა.
- რუსეთის ხელისუფლება უკვე ატარებს მასშტაბურ არასაჯარო კამპანიას თავშესაფრების შემოწმება-მომზადების მიმართულებით, - იუწყება "Bloomberg" კრემლში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
- აპრილში პატრუშევმა რუსეთის სამხრეთში სამოქალაქო თავდაცვის ობიექტებისა და სასიგნალო სისტემების რევიზიის ბრძანება გასცა, ასევე მოითხოვა, რომ შესაბამისი ნაგებობები, რომელთა დიდი ნაწილი გაყიდული ან იჯარით გაცემული აღმოჩნდა, ფედერალურ საკუთრებაში დაბრუნდეს.
- როგორც "Bloomberg" აღნიშნავს, თავშესაფრების უმრავლესობა რუსეთში საბჭოთა დროს აგებული საცხოვრებელი კორპუსების, სკოლებისა და საჯარო დაწესებულებების სარდაფებში მდებარეობს.


