Bloomberg: რუსეთი ხორბლის შეთანხმებას სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს
15/11/2022 13:03:36 მსოფლიო
რუსეთი სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს შეთანხმებას "უკრაინიდან ხორბლისა და სხვა პროდუქციის ზღვით დაუბრკოლებელი გატანის თაობაზე", რომელსაც ვადა 19 ნოემბერს ეწურება, - იუწყება "Bloomberg" რუსეთის ხელისუფლებაში ოთხ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით. აყენებს თუ არა მოსკოვი რაიმე პირობებს - გამოცემა არ აკონკრეტებს.
"ჩვენს გადაწყვეტილებას თავის დროზე მოგახსენებთ" - განაცხადა ორიოდ დღის წინ ამასთან დაკავშირებით კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
გასულ კვირას რუსეთის წარმომადგენლები შეთანხმების გახანგრძლივების სანაცვლოდ "როსსელხოზბანკის" წინააღმდეგ სანქციების გაუქმებისა და მისი SWIFT სისტემასთან კავშირის აღდგენის პირობას აყენებდნენ. "ეს პუნქტი ძალზე მნიშვნელოვანია" - განაცხადა შაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერშინინმა და იქვე დასძინა, რომ სწორედ ეს ბანკი ახორციელებს რუსეთის სასოფლო-სამეურნეო სექტორში ფინანსური ოპერაციების უმრავლესობას. ალტერნატიულ ვარიანტად მან ამ რუსული ბანკისთვის ამერიკულ JPMorgan Chase-სა და Citibank-ში საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნის წინადადება გაახმოვანა და განმარტა, რომ ამ გზით საკრედიტო ორგანიზაციას გაუჩნდება შესაძლებლობა, ოპერაციების დოლარში წარმართვას დაუბრუნდეს.
დღეს კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა გაერო-ს გენმდივანს გარიგების პირობების შესრულების წერილობითი დაპირება გადასცეს. ამ პირობებს შორისაა, ლავროვის მტკიცებით, საექსპორტო დერეფნის სამხედრო მიზნებისთვის არგამოყენება, რუსული ხორბლისა და სასუქის მიწოდებების უზრუნველყოფა, ზემოთხსენებული რუსული ბანკის გამართული მუშაობა და "ნორმალური" სადაზღვევო მარჟები.
- ხორბლის პირველი შეთანხმება ივნისის დასაწყისში თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით გაფორმდა, მისი მოქმედების ვადა 120 დღით იყო განსაზღვრული. ამან მსოფლიოს იმ უკრაინული პორტების გახსნის შესაძლებლობა მისცა, რომლებიც ომის დასაწყისში რუსეთის შავი ზღვის ფლოტს ჰქონდა ბლოკირებული. შედეგად მსოფლიოს ბაზარს 10 მლნ ტონა სურსათი მიეწოდა.
- შეთანხმება ითვალისწინებს ავტომატურ პროლონგაციას, თუკი რომელიმე მხარე არ იქნება წინააღმდეგი.
- ოქტომბრის ბოლოს რუსეთმა სცადა, ამ შეთანხმებიდან გასულიყო. 29 ოქტომბერს, სევასტოპოლში რუსული შავი ზღვის ფლოტის ბაზაზე უკრაინელთა შეტევის შემდეგ მოსკოვმა შეთანხმების მოქმედების შეჩერების შესახებ განაცხადა. თუმცა სულ რაღაც ოთხ დღეში კრემლმა გადაწყვეტილება შეცვალა.
- მაშინ თურქეთმა - ხორბლის გადამზიდთა უსაფრთხოების მეორე გარანტმა, რომლის ფლოტი 7-ჯერ აღემატება რუსულს, განაცხადა, რომ სურსათის გატანას განაგრძობდა და გამოვიდა გაფრთხილებით, "რაიმე პროვოკაციები არავის გაევლო თავში".


