ზელენსკი – "დიდი ოცეულის" ლიდერებს: "ომი უნდა დასრულდეს სამართლიანად, არ ღირს, უკრაინას შესთავაზონ კომპრომისები თავის სინდისთან, სუვერენიტეტთან და ტერიტორიებთან"
15/11/2022 06:10:15 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "დიდი ოცეულის" ლიდერებს მიმართა და აღნიშნა, რომ ომი უნდა დასრულდეს სამართლიანად და გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
მისი თქმით, უკრაინა არ დათანხმდება რუსეთთან შეთანხმებას, რომელიც მას ძალების აღდგენის შესაძლებლობას მისცემს, შეთანხმებას მალევე დაარღვევს და ტერორის და გლობალური დესტაბილიზაციის ახალ სერიას დაიწყებს.
„არ ღირს, უკრაინას შესთავაზონ კომპრომისები თავის სინდისთან, სუვერენიტეტთან, ტერიტორიებთან და დამოუკიდებლობასთან. ჩვენ პატივს ვცემთ წესებს და სიტყვის ხალხი ვართ. უკრაინა ყოველთვის იყო სამშვიდობო ძალისხმევების ლიდერი და მსოფლიოს ეს ნანახი აქვს. თუ რუსეთი ამბობს, რომ თითქოს, ომის დასრულება სურს, ეს მოქმედებებით უნდა დაამტკიცოს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან სამიტის მონაწილეებს მიმართა, რომ უკრაინას აქვს მშვიდობის ფორმულა უკრაინისთვის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის და მისაღებია გადაწყვეტილებები, რომლებიც ამას უზრუნველყოფს. ზელენსკის განცხადებით, უკრაინის წინადადებებია: რადიაციული, ბირთვული, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოება; ყველა ტყვედ ჩავარდნილის და დეპორტირებულის გათავისუფლება; გაეროს წესდების შესრულება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მსოფლიო წესრიგის აღდგენა; უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა; სამართლიანობის დაბრუნება; ეკოციდის აღკვეთა; ესკალაციის არ დაშვება და ომის დასრულების ფიქსაცია.
ზელენსკიმ ასევე მოუწოდა "დიდი ოცეულის" ლიდერებს, გამოიყენონ თავიანთი ძალა იმისათვის, რომ "რუსეთმა უარი თქვას ბირთვულ საფრთხეებზე" და მოსკოვიდან იმპორტირებულ ენერგიაზე ფასის ლიმიტი დააწესონ. ამასთან, მამ მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა.
ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“(G20) ლიდერთა 2-დღიანი სამიტი დღეს გაიხსნა, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემაა ომი უკრაინაში.
სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. მისმა პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა 14 ნოემბერს, მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "გარემოებების კარნახით პრიორიტეტულია პრეზიდენტის ყოფნა რუსეთის ფედერაციაში". პესკოვს "გარემოებები" არ დაუკონკრეტებია.


