ზელენსკი - "დიდი ოცეულის" ლიდერებს: "დადგა დრო, როცა რუსეთის დამანგრეველი ომი უნდა შეჩერდეს, ეს შესაძლებელია"
15/11/2022 05:59:18 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "დიდი ოცეულის" ლიდერებს მიმართა და აღნიშნა, რომ "დადგა დრო, როცა რუსეთის დამანგრეველი ომი უნდა შეჩერდეს, ეს შესაძლებელია".
ბალიზე მიმდინარე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ „მინსკის შეთანხმება-3“ არ იქნება.
„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა დრო მიიღოს და თავისი ძალები გააძლიეროს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ინდონეზიის კუნძულ ბალიზე დღეს გაიხსნა „დიდი ოცეულის“(G20) ლიდერთა 2-დღიანი სამიტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემაა ომი უკრაინაში.
სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. მისმა პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა 14 ნოემბერს, მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "გარემოებების კარნახით პრიორიტეტულია პრეზიდენტის ყოფნა რუსეთის ფედერაციაში". პესკოვს "გარემოებები" არ დაუკონკრეტებია.


