რუსეთმა დამატებით100 კანადელს, მათ შორის ჯიმ ქერის და მარგარეტ ეტვუდს სანქციები დაუწესა
14/11/2022 17:00:54 მსოფლიო
რუსეთმა კანადის 100 მოქალაქეს, მათ შორის ჰოლივუდის მსახიობ ჯიმ ქერის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ მიზეზი კანადის მიერ რუსი მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესება და უკრაინის მხარდაჭერაა. ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ კანადელი მაღალჩინოსნები, ბიზნესმენები, აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები, რომლებიც "ანტირუსულ პროპაგანდას აწარმოებენ".
ჯიმ ქერის გარდა, სიაში არიან: მწერალი მარგარეტ ეტვუდი, სიბიესის სამხედრო კორესპონდენტი მიურეი ბრიუსტერი, სიბიესის კორესპონდენტი მარგარეტ ევანსი და ამავე ტელევიზიის კიდევ ერთი კორესპონდენტი ეიდრიენ არსენო.
რუსეთის საგარეოს თქმით, ე.წ. შავი სია მუდმივმოქმედი იქნება და მასში მოხვედრილ ასივე ადამიანს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა.
საერთო ჯამში, რუსეთის სანქციების სია ამჟამად მოიცავს კანადის 1005 მოქალაქესა და კომპანიას.


