
"ფაბრიკაში" ქალზე ძალადობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს
14/11/2022 16:01:11 საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ქალზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული რუსეთის მოქალაქეა.
ინციდენტის შესახებ, რომელიც 12 ნოემბერს "ფაბრიკის" ტერიტორიაზე მოხდა, მოქალაქე ანა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:
"...მოდის საკმაოდ არაფხიზელ მდგომარეობაში სლავური გარეგნობის ბიჭი ერთ-ერთ გოგონასთან. უნდა რომ წაეცეკვოს, გოგონა უარს ეუბნება, ამ დროს ბიჭი ხელებს კიდებს გოგონას და და მისკენ იზიდავს, გოგონა უძალიანდება. ბიჭი იწევს თმებისკენ და ისე ებღაუჭება რომ 4 ადამიანი ცდილობს გოგონა გამოგლიჯოს ბიჭს, ამ გაწევ-გამოწევაში ბიჭი ძირს ეცემა, მაგრამ გოგონას თმაში ხელს არ უშვებს, ორივე ძირს ვარდებიან და მიუხედავად ხალხის ძალისხმევისა, ბიჭი გოგონას ძირს თმებით ათრევს. როგორც იქნა, მოვიდა დაცვა და ბიჭი გაათრიეს...".
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.