ბაიდენმა და სი ძინპინმა პუტინი უკრაინის მიმართ ბირთვული მუქარის დაუშვებლობის შესახებ გააფრთხილეს
14/11/2022 15:37:48 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ინდონეზიაში G20 სამიტის ფარგლებში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შეხვდა. თეთრი სახლის ინფორმაციით, მხარეებმა უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების დაუშვებლობას გაუსვეს ხაზი.
"პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი ომისა და ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ უპასუხისმგებლო რუსული მუქარის" საკითხები წამოსწია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბირთვული ომის დაწყება დაუშვებელია და რომ მასში მოგებული არავინ იქნება. მათ მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას არ ეთანხმებიან, - იუწყება თეთრი სახლი.
თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო უწყება თავის პრეს-რელიზში მხარეების მიერ ამ თემის განხილვას ცალსახად არ აფიქსირებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ჩინეთი "უკიდურესად შეშფოთებულია უკრაინაში არსებული ვითარებით", "ყოველთვის იდგა მშვიდობის მხარეს და სამომავლოდაც მხარს დაუჭერს მშვიდობიან მოლაპარაკებებს".
"ჩინეთი რუსეთ-უკრაინის მშვიდობიანი მოლაპარაკებების განახლებას უჭერს მხარს და ასევე იმედოვნებს, რომ აშშ და ევროკავშირი მოსკოვთან ყოვლისმომცველ დიალოგს წარმართავენ", - განაცხადა, ოფიციალური პეკინის ინფორმაციით, სი ძინპინმა.
- მსოფლიო ლიდერები სერიოზულად განიხილავენ ვლადიმირ პუტინის მუქარას რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე.
- სექტემბერში, "ნაწილობრივი" მობილიზაციის გამოცხადებისას რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ "მზადაა, გამოიყენოს ყველა არსებული შესაძლებლობა" უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის შესანარჩუნებლად.
უკრაინის ომის გარდა, ბაიდენმა და სი ძინპინმა აშშ-ჩინეთის ურთიერთობები განიხილეს.
"ქვეყნები კონკურირებას განგარძობენ, თუმცა თანხმდებიან, რომ ეს პაექრობა არ უნდა გადაიზარდოს დაპირისპირებაში", - განაცხადა აშშ-ის ლიდერმა. მისივე თქმით, ქვეყნები "პასუხისგებლობით უნდა ეკიდებოდნენ კონკურენციას და მათი ურთიერთობა ღიად უნდა რჩებოდეს". "გარდა ამისა, აშშ-სა და ჩინეთს ჰმართებთ, ერთობლივად წყვეტდნენ გლობალურ პრობლემებს - ისეთს, როგორიცაა, მაგალითად, სასურსათო კრიზისი, კლიმატის ცვლილებები და სხვა" - დასძინა ბაიდენმა.
ამასთანავე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინელი კოლეგა გააფრთხილა, რომ ტაივანის საკითხში ამერიკის პოზიცია უცვლელია.
- ჩინეთი კუნძულს თავისად მიიჩნევს და არაერთგზის დაუფიქსირებია მისი მიერთების განზრახვა.
ბაიდენმა ტაივანის მიმართ ჩინეთის "სულ უფრო აგრესიული ქმედებების" წინააღმდეგ გაილაშქრა და აღნიშნა, რომ "მსგავსი პოლიტიკა ძირს უთხრის მშვიდობასა და სტაბილურობას ტაივანის სრუტეში".
მხარეები შეთანხმდნენ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უახლოეს მომავალში პეკინს ეწვევა, - იუწყება თეთრი სახლი.
ცნობისთვის: ბაიდენისა და სი ძინპინის საუბარი 3 სთ-ზე მეტხანს გაგრძელდა.


