პუტინმა რუსულ ჯარში უცხოეთის მოქალაქეთა გაწვევა დაუშვა
14/11/2022 14:54:13 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსულ ჯარში უცხოეთის მოქალაქეთა გაწვევა დაუშვა.
აქამდე რუსულ ჯარში მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს იწვევდნენ. ამიერიდან კი "სამხედრო სამსახურის გავლა ეკისრებათ ასევე ჯარისკაცებს, მატროსებს, სერჟანტებსა და სხვა რანგის სამხედრო პირებს, რომლებსაც გააჩნიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეობაც, ან ბინადრობის მოწმობა თუ სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მათ უფლებას, მუდმივად იცხოვრონ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე", - აღნიშნულია პუტინის ბრძანებულებაში, რომელიც დღეს სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა.
სექტემბრის ბოლოს პუტინმა რუსეთის მოქალაქეობის გაცემა გაუმარტივა უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებიც რუსულ ჯარში მსახურის კონტრაქტს გააფორმებდნენ. რუსული პასპორტის მიღება შეუძლიათ უცხოელებს, რომლებიც მინიმუმ, ერთწლიან კონტრაქტს მოაწერენ ხელს. ამასთან, მათ ეკისრებათ ვალდებულება, რუსული ჯარის რიგებში სულ მცირე, ნახევარი წელი იომონ. ასეთ შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეობას მიიღებენ მათი ოჯახის წევრებიც.
ცნობისთვის: რუსეთის მოქალაქეობა გააჩნია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მკვიდრთა დიდ ნაწილსაც.


