აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო პირობას დებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ომის დასრულების შემდეგაც შენარჩუნდება
14/11/2022 14:16:02 მსოფლიო
აშშ და მოკავშირეები არ გეგმავენ, ომის დასრულების შემდეგ რუსეთს სანქციები სრულად გაუუქმონ. ამის შესახებ "The Wall Street Journal"-თან ინტერვიუში აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ჯენეტ იელენმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში დასავლეთში კიდევ ერთხელ გააანალიზებენ რუსეთის მიმართ შემოღებულ შეზღუდვებს და "შესაძლებელია მათი კორექტირება, თუმცა რიგი სანქციები ძალაში უნდა დარჩეს".
ამასთან, იელენის განცხადებით, ჯერ-ჯერობით რუსეთს არ ჰქონია მცდელობაც კი, მოლაპარაკებები დაეწყო პირობებით, რომელიც რეალურად იქნებოდა მისაღები უკრაინისთვის, ამდენად, ამ ეტაპზე სანქციების კორექტირებაზე "ფიქრიც კი ნაადრევია".
მანამდე აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა. შეზღუდვები ამჯერად იმ 14 ფიზიკურ და 28 იურიდიულ პირს შეეხება, რომლებიც კრემლისთვის სამხედრო ტექნოლოგიების შეძენასთან იყვნენ კავშირში.
როგორც ცნობილია, აშშ და მისი მოკავშირეები ცდილობენ, შეასუსტონ რუსეთის სამხედრო პოტენციალი უახლეს ტექნოლოგიებზე წვდომის შემცირებითა და ფინანსურ სისტემაზე ზეწოლით. მიუხედავად ამისა, წელს რუსეთის ფედერაციამ უზარმაზარი შემოსავალი მიიღო ენერგომატარებლების ექსპორტის ხარჯზე. ამასთან დაკავშირებით იელენი სათავეში ჩაუდგა "დიდი შვიდეულის" ძალისხმევას რუსულ ნავთობზე ფასების ზედა ზღვრის დასაწესებლად.
ცნობისთვის: ევროკავშირს ამ დროისთვის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების 8 პაკეტი აქვს მიღებული. ევროკომისიის მონაცემებით, ჯამურად შეზღუდვები რუსეთში ევროპული ექსპორტის 34%-სა და იმპორტის თითქმის 60%-ს შეეხო. ყველა შეზღუდვის ჯამური ღირებულება €123 მლრდ-ს მიახლოვდა.


