პირველად ბოლო 10 წლის განმავლობაში, კრემლმა შესაძლოა, პუტინის "დიდი პრეს-კონფერენცია" გააუქმოს
14/11/2022 13:46:44 მსოფლიო
კრემლმა შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტის ყოველწლიური "დიდი პრეს-კონფერენციების" გამართვის ტრადიციაზე უარი თქვას. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ ის უკრაინის ფრონტზე არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული, - წერს РБК კრემლში ორ წყაროზე დაყრდნობით.
აღსანიშნავია, რომ წელს ჯერ არც "დიდი პრეს-კონფერენცია" ჩატარებულა, არც მოქალაქეებთან "პირდაპირი ხაზი": ტრადიციული ღონისძიება უკრაინის ომის გამო უკვე რამდენჯერმე გადაიდო. აგვისტოში კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა არ გამორიცხა, რომ "პირდაპირ ხაზს" გააერთიანებდნენ "დიდ პრეს-კონფერენციასთან", როგორც ეს 2020 წელს გაკეთდა.
«ახლა არანაირ ვარიანტს არ გამოვრიცხავთ. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. მოვახდენთ თქვენს ინფორმირებას, როგორც კი პრეზიდენტი განრიგზე ჩამოყალიბდება", – განაცხადა 11 ნოემბერს პესკოვმა.
იმ დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში შევიდნენ, რუსულმა არმიამ კი დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადაინაცვლა. ქალაქის ჩაბარების "რთული გადაწყვეტილების" მიღების შემდეგ პუტინი რამდენიმე დღით დისტანცირდა ფრონტის მოვლენებისაგან და საჯარო სივრცეში არ გამოჩენილა.
უკრაინულ ფრონტზე წარუმატებლობებისა და მარცხების გამო პუტინი ქვეყანასთან ურთიერთობის სხვა ფორმატს - ფედერალური კრებისადმი მიმართვასაც აჭიანურებს. პესკოვის თქმით, მიმართვის მზადება "დიდი ხნის წინ დაიწყო და გრძელდება".
თუ პუტინი წლევანდელ პრეს-კონფერენციაზე უარს იტყვის, ეს წლის განმავლობაში მის მიერ ტრადიციულ ღონისძიებებზე უარის თქმის უკვე მეორე შემთხვევა იქნება.
მასშტაბური პრეს-კონფერენციების ტრადიცია კრემლის პოლიტტექნოლოგებმა 2001 წელს შემოიღეს. მთელი ისტორიის განმავლობაში დიდი პრეს-კონფერენცია მხოლოდ ერთხელ - 2005 წელს გაუქმდა. 2009-2011 წ.წ. პუტინი ფორმალურად პრემიერის პოსტს იკავებდა, ამდენად, მისი მონაწილეობით დიდი პრეს-კონფერენციის არგამართვა ბუნებრივად იქნა აღქმული. თუმცა რუსეთის მოქალაქეებთან "პირდაპირი ხაზი" მას იმ პერიოდშიც კი არ გაუუქმებია და ერთადერთი შემთხვევა, როცა პუტინი ქვეყნის მოქალაქეებთან პირდაპირ ხაზზე არ გასულა, 2004 წელს დაფიქსირდა. შემდგომში, 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო პუტინმა კონტაქტები მკვეთრად შეზღუდა, იზოლირდა და გაერთანებული "პირდაპირი ხაზი" წლის ბოლოს დიდ პრეს-კონფერენციასთან ერთდროულად ონლაინ-რეჟიმში ჩაატარა.


