მობილიზებულ რუსებს უზბეკი გასტარბაიტერებით ჩაანაცვლებენ
14/11/2022 13:10:09 მსოფლიო
მობილიზაციის შემდეგ რუსულ ბაზარზე მუშა-ხელის დეფიციტი გაიზარდა. მთავრობა კადრების უკმარისობის დაძლევას უზბეკეთიდან ჩასული იმიგრანტებით გეგმავს, - წერს გამოცემა «Коммерсант».
მისივე ინფორმაციით, რუსეთის მთავრობამ გამოაქვეყნა დადგენილება, რომელიც უზბეკი მიგრანტების მიზიდვის წესებსა და პირობებს მნიშვნელოვნად ცვლის.
კერძოდ, თუ აქამდე მშენებლობასა და აგრომრეწველობაში დასაქმებული მიგრანტების მაქსიმალური რაოდენობა 11 000-ით იყო განსაზღვრული, ახლა ეს შეზღუდვა საერთოდ გაუქმდა. ამასთან, მიგრანტებს კორონავირუსზე ტესტირებისა და ვაქცინაციის ვალდებულებაც კი მოუხსნეს.
მობილიზაციის გამო მუშა-ხელის რეკორდული დეფიციტის შესახებ «Коммерсант»-ი გასულ კვირასაც წერდა. გაიდარის სახელობის ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევის შედეგების თანახმად, დეფიციტი უკვე შეიმჩნევა სამრეწველო საწარმოების 1/3-ში, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. მუშა-ხელის ნაკლებობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მსუბუქ მრეწველობაში ფიქსირდება, სადაც კადრების დეფიციტი უკვე შეადგენს 70%-ს, - წერს გამოცემა.
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთში უმსხვილესმა საწარმოებმა თანამშრომლების მიღება შეწყვიტეს, უამრავმა უცხოურმა კომპანიამ რუსული ბაზარი დატოვა ან მუშაობა შეაჩერა, რის შედეგადაც ათასობით თანამშრომელი გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდა და დღემდე არ იცის, სამუდამოდ დაკარგა თუ არა ეს სამსახური. ამასთან, მობილიზაციის გამოცხადების გამო რუსეთიდან მარტო პირველი ორი კვირის განმავლობაში სულ მცირე, 700 000 მოქალაქე გაიქცა, - წერდა Forbes-ი.
"როსსტატის" მონაცემებით, სექტემბერში რუსეთში მუშა-ხელის რაოდენობა ერთბაშად 552 ათასი ადამიანით, ანუ თითქმის 1%-ით შემცირდა.
დასაქმებულთა რაოდენობის მკვეთრი ვარდნა არა სტატისტიკური ეფექტი, არამედ მობილიზაციისა და ემიგრაციის შედეგია, - თვლის ბანკ "ცენტროკრედიტის" ანალიტიკოსი ევგენი სუვოროვი, რომლის აზრით, სრული ეფექტი ოქტომბრის მონაცემების ანალიზის შედეგად გამოჩნდება. ამასთან, იგი დარწუნებულია, რომ დასაქმებულთა რაოდენობის თითქმის 1%-იანი შემცირება დაახლოებით ამდენითვე შეამცირებს რუსეთის ეკონომიკასაც, რომელსაც ისედაც ურთულესი დრო უდგას.


