
კალაძე – ფარულავას: "მერიის რომელი პროექტი ყოფილა საფრთხის შემცველი საზოგადოებისთვის?!"
14/11/2022 11:04:49 საზოგადოება
„რომელი პროექტი ყოფილა დედაქალაქის მერიას განეხორციელებინოს, რომელიც საფრთხი სშემცველია საზოგადოებისთვის?!“, – მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრ ლაშა ფარულავას. ლაშა ფარულავა მას ავლაბარში ავარიული კორპუსის საშიშროებასთან და მოსახლეობის შიშებთან დაკავშირებით უყვებოდა და მიმართა მერს, რომ ამაზე რეაგირება ჰქონდეს.
"იმხელა პასუხისმგებლობა მაქვს აღებული ამ ქალაქის და ხალხის წინაშე, მერწმუნე, კახა კალაძე თავის გუნდთან ერთად არ მიიღეს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საფრთხის შემცველი იყოს, თუნდაც, მინიმალურად 1%-ით და პრობლემები შეუქმნას მოსახლეობას. რომელი პროექტი ყოფილა, დედაქალაქის მერიას განეხორციელებინოს, რომელიც საფრთხისშემცველია საზოგადოებისთვის ან მოსახლეობისთვის?!ერთი პროექტი მითხარი", -მიმართა კალაძემ ფარულავას.
ფარულავას თქმით, ავლაბრის მოედანზე დაგეგმილია სავაჭრო სახლის მშენებლობა. როგორც მან აღნიშნა, პროექტის მიხედვით, კომპანიამ 18 მეტრი უნდა გათხაროს, რაც საშიშია, როგორც მეტროს სადგურისთვის, ისე მიმდებარედ მცხოვრები ადამიანებისთვის.
"კვლევების შედეგად, თუ გვექნება სურათი, რომ პროექტის განხორციელება საშიშია, რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას ვინ მიიღებს კაცო?", - მიმართა კალაძემ "ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრს.
13 ოქტომბერს თბილისში, "ვაკის პარკის" შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილი მიყენებული დაზიანებებით მალევე გარდაიცვალა, მისი ორი მეგობარი კი მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს.
“ვაკის პარკის შადრევნის” საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 ოქტომბერს 9 ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, "გრინსერვის+-ის" და "მშენ-ექსპერტის" დირექტორები. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი მოითხოვენ, თბილისის მერმა კახა კალაძემ მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და თანამდებობა დატოვოს.