დასავლური მედია ლავროვის ჰოსპიტალიზების თაობაზე იუწყება, მოსკოვი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
14/11/2022 10:11:10 მსოფლიო
G20-ის სამიტზე დასასწრებად ბალიში ჩასული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, – იუწყება The Associated Press.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, ლავროვს გულთან დაკავშირებული პრობლემა აქვს.
The Associated Press აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია მათ სამმა წყარომ დაუდასტურა, მათ შორის, ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები და ჯანდაცვის სფეროს მაღალჩინოსნები არიან.
მედიის მიერ გავრცელებულ ცნობას ლავროვის ავადმყოფობის შესახებ უარყოფენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყების წარმომადენელმა მარია ზახაროვან ინფორმაციას „ფეიკი“ უწოდა.
ბალიზე G20-ის ლიდერთა სამიტი 15 ნოემბერს იწყება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამიტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მოსკოვის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს, რომელიც ინდონეზიაში 13 ნოემბერს ჩავიდა.


