უკრაინის გენშტაბი – საომარი მოქმედების ზონაში მუშაობის წესების დარღვევის გამო რამდენიმე დასავლურ მედიას აკრედიტაცია გაუუქმდა
14/11/2022 09:07:23 მსოფლიო
უკრაინაში საომარი მოქმედების ზონაში ხელისუფლების მიერ დადგენილი მუშაობის წესების დარღვევის გამო რამდენიმე დასავლურ მედიას აკრედიტაცია გააუქმეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
"მედიის ზოგი წარმომადგენელი არსებული აკრძალვებისა და გაფრთხილებების უგულებელყოფით აწარმოებდა საინფორმაციო საქმიანობას ქალაქ ხერსონში სტაბილიზაციის ღონისძიებების დასრულებამდე, რაც შეფასდა სამხედრო ხელისუფლების მოთხოვნების უხეშ დარღვევად", – აცხადებენ გენშტაბში. გენერალურ შტაბში არ ასახელებენ, კონკრეტულად რომელი მედიის ჟურნალისტებს ჩამოერთვათ აკრედიტაცია.
გამოცემა "Детектор медиа" ირწმუნება, რომ აკრედიტაცია გაუუქმეს, სულ მცირე, ექვს ჟურნალისტს, მათ შორის CNN-ისა და SkyNews-ის ჟურნალისტებს. ამ მედიებმა გააშუქეს ხერსონში რუსეთის არმიის გასვლის შემდეგ ადგილობრივების და უკრაინელი სამხედროების საზეიმო შეხვედრის კადრები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები და პოლიცია ხერსონსა და მის შემოგარენში 11 ნოემბერს შევიდნენ. მანამდე ქალაქი ხერსონი და ოლქის ის ნაწილი, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დატოვეს და მარცხენა ნაპირზე გადავიდნენ.
ხერსონში არა მხოლოდ უცხოური, არამედ უკრაინელი მედიის ჟურნალისტებიც მუშაობდნენ, მათ შორის ტელეკომპანიების Suspіlne-სა და Hromadske-ს წარმომადგენლები. ადგილზე ჯერ ოფიციალურად არ დასრულებულა ე.წ სტაბილიზაციის ღონისძიებები. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ჰუმანიტარული მდგომარეობა ქალაქში და მის მიმდებარედ კვლავ მძიმეა. უკრაინელი სპეციალისტები ინფრასტრუქტურის აღდგენისა და ტერიტორიების განაღმვის სამუშაოებს იწყებენ. შემოღებულია კომენდანტის საათი.


