აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: "სანქციები დაუწესდება სამხედრო შესყიდვების ქსელს, რომელიც რუსეთს დახმარებას უწევს"
14/11/2022 08:32:08 მსოფლიო
შეერთებული შტატების სახელმწიფო ხაზინის მდივანი ჯანეტ იელენი აცხადებს, რომ ახალი სანქციები შეეხება ინდივიდებისა და კომპანიების ტრანსნაციონალურ ქსელს, რომლებიც რუსეთს დახმარებას უწევენ.
მისი თქმით, სანქციები მიზნად ისახავს 14 ფიზიკურ და 28 იურიდიულ პირს.
„ეს არის ჩვენი დიდი ძალისხმევის ნაწილი, რუსეთმა მარცხი განიცადოს და ვერ მიიღოს მისთვის საჭირო აღჭურვილობა სანქციების და ექსპორტის კონტროლის გზით“, - განაცხადა სახელმწიფო ხაზინის მდივანმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ფინანსური და ეკონომიკური დახმარების აღმოჩენით. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოითხოვა დამატებითი, 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების არასამხედრო დახმარება უკრაინისთვის და კონგრესის თანხმობის მიღების შემდეგ, უწყება დაუყოვნებლივ დაიწყებს მის უკრაინაში გაგზავნას.


