ISW – პუტინმა სუროვიკინს ხერსონიდან ჯარების გაყვანის ნება სავარაუდოდ, იმ პირობით დართო, რომ დონეცკის ოლქის დანარჩენ ნაწილებს დაიკავებს
14/11/2022 07:38:22 მსოფლიო
"ომის კვლევის ინსტიტუტი" (ISW) აცხადებს, რომ მომდევნო კვირებში დონეცკის ოლქში რუსული თავდასხმები უფრო გააქტიურდება.
"პუტინმა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურს, სერგეი სუროვიკინს ხერსონიდან ჯარების გაყვანის ნება სავარაუდოდ, იმ პირობით დართო, რომ დონეცკის ოლქის დანარჩენ ნაწილებს დაიკავებს და ამისთვის დასავლეთ ხერსონიდან დაბრუნებულ რუსულ ძალებსა და ახლად ჩასულ მობილიზებულ სამხედროებს გამოიყენებს. ეს არის ყველაზე სავარაუდო ახსნა, რატომაც გააძლიერეს რუსებმა შეტევითი ოპერაციები ჯერ ბახმუტის და შემდეგ სამხრეთ დასავლეთით, ვუჰლედარის ტერიტორიის გარშემო. სხვა შემთხვევაში ამ შეტევების ძალისხმევა აზრსმოკლებულია", – აცხადებს ISW.
ISW–ს ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთის მხრიდან განახლებული თავდასხმებისგან თავის დასაცავად კიევს, დიდი ალბათობით, ჯარების ამ მიმართულებით გადამისამართება მოუწევს.
"განახლებული ძალისხმევის მიუხედავად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ რუსეთი რაიმე წარმატებას მიაღწევს, თუმცა დასაშვებია, რომ რაღაც დროის შემდეგ უზარმაზარი დანაკარგების ხარჯზე ბახმუტი დაიკავონ. დონეცკის ოლქში რუსული ჯარები მოიცავს რუსული არმიის დანაყოფებს, მობილიზებულ სამხედროებს, ვაგნერის ჯარების, მოხალისეთა რეზერვებს, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების მილიციის ნაწილებს, კადიროვის ჩეჩნური დანაყოფის სამხედროებსა და მოხალისეთა ბატალიონებს. საბრძოლო ძალების ამ უცნაურ ნაკრებს ექნება გაცილებით ნაკლები ეფექტური საბრძოლო ძალა, ვიდრე მსგავსი ზომის რეგულარული დანაყოფების დაჯგუფებას. უკიდურესად საეჭვოა, რომ სუროვიკინმა შეძლოს მათი გადაქცევა ძალად, რომელსაც შეუძლია განახორციელოს ფართომასშტაბიანი შეტევითი მექანიზებული მანევრული ომი. ეს უცნაური ნაზავი, სავარაუდოდ, რაღაც ეტაპზე წარმატებას მიაღწევს, თუმცა უკრაინული ძალები, დიდი ალბათობით, მათ მომდევნო რამდენიმე თვეში დაწყების ადგილიდან არცთუ ისე შორს შეაჩერებენ.", – აცხადებს ISW.


