უკრაინის გენშტაბი - ბელარუსში მდებარე კლინიკები გადავსებულია რუსი ჯარისკაცებით
13/11/2022 10:17:25 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბელარუსში მდებარე კლინიკები გადავსებულია რუსი სამხედროებით.
გენშტაბის ცნობით, ჯარისკაცებს შორის არიან, როგორც დაჭრილები, ისე სამხედრო ბანაკებში არსებული არადამაკმაყოფილებელი პირობების გამო დაავადებულნი. ექიმები იძულებულები არიან, უარი უთხრან ბელარუს მოქალაქეებს, რომლებსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.
როგორც გენშტაბში აცხადებენ, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსული ძალები უშედეგოდ ცდილობდნენ განეხორციელებინათ შეტევები უკრაინის პოზიციებზე ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში. უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ გამაგრებას ხერსონის ოლქში, დეოკუპირებულ დასახლებულ პუნქტებში. ამასთან, რუსეთის არმია იშენებს თავდაცვის პოზიციებს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში განხორციელდა ოთხი სარაკეტო და 16 საავიაციო დარტყმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმიის მხრიდან საჰაერო-სარაკეტო დარტყმების ქვეშ მოყვა 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი ზაპოროჟიეში, ჩერკასკში, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში. ბრესტსკის ოლქში, განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც რუსეთის არმიის ქვედანაყოფები თავსდებიან, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი დატვირთვა სოციალურ სფეროზე.
გარდა ამისა, გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპირებულ მელიტოპოლში 12 ნოემბერს ჩავიდნენ რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის შედეგად შეკრებილი რუსეთის მოქალაქეები. ქალაქში ჩასვლის შემდეგ, მათ დაიწყეს საკვების, სამოქალაქო ტანსაცმლისა და ალკოჰოლის მასობრივი შესყიდვა.


