კრემლმა ხერსონის ოლქის დროებით ადმინისტრაციულ დედაქალაქად გენიჩესკი გამოაცხადა
12/11/2022 17:32:24 მსოფლიო
კრემლმა ხერსონის ჩაბარების შემდეგ ოლქის დროებით ადმინისტრაციულ დედაქალაქად გენიჩესკი გამოაცხადა, - იუწყება რუსული მედია მოსკოვის მიერ დანიშნული დროებითი საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილეზე - ალექსანდრე ფომინზე დაყრდნობით.
"სადღეისოდ ხერსონის ოლქის დროებითი ადმინისტრაციული დედაქალაქი გენიჩესკია. იქაა კონცენტრირებული ყველა მთავარი სახელისუფლებო ორგანო", — განაცხადა ფომინმა.
გენიჩესკი ხერსონის ოლქის სამხრეთში, აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, ხერსონი კი - დნეპრის მარჯვენა ნაპირზე.
ცნობისთვის: რუსი ოკუპანტების მიერ ხერსონის ჩაბარების შესახებ 9 ნოემბერს გახდა ცნობილი, რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდალმა, გენერალმა სუროვიკინმა განაცხადა, რომ "მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რუსულმა ჯარმა თავდაცვითი პოზიციები დნეპრის მარცხენა ნაპირზე დაიკავოს". ამ გადაწყვეტილების მიზნად მან "ბრძოლისუნარიანობისა და სამხედროების სიცოცხლის შენარჩუნება" დაასახელა.


