Accentnews.ge
ომმა რუსეთი მუშა-ხელის გარეშე დატოვა: მრეწველობაში კადრების დეფიციტმა 30-წლიანი რეკორდი მოხსნა

ომმა რუსეთი მუშა-ხელის გარეშე დატოვა: მრეწველობაში კადრების დეფიციტმა 30-წლიანი რეკორდი მოხსნა

11/11/2022 18:56:12 მსოფლიო

მასობრივი სამხედრო მობილიზაცია, რომლის ფარგლებშიც უკრაინაში საომრად რუსეთის 300 ათასამდე მოქალაქე გაამწესეს, მასობრივ ემიგრაციასთან ერთად რუსეთის მრეწველობას მნიშვნელოვან ტვირთად დააწვა. ოქტომბრის თვეში კადრების დეფიციტმა ბოლო 30-წლიანი რეკორდი მოხსნა, - იუწყება რუსული მედია გაიდარის სახელობის ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით.

"კადრების საკმარისობის" მაჩვენებელი, რომელსაც ტოპ-მენეჯერებისა და სამრეწველო საწარმოების მფლობელების გამოკითხვის საფუძველზე ითვლიან, გასულ თვეში მინუს 30%-მდე დაეცა: ამდენით აღემატება მათი რაოდენობა, ვისაც მუშა-ხელი აკლია, მათ ოდენობას, ვინც ამ პრობლემას არ განიცდის.

ცალკეულ დარგებში გამოკითხვამ სრული საკადრო კოლაფსი გამოავლინა: სამუშაო ძალის საკმარისობის ინდექსი მსუბუქ მრეწველობაში მინუს 70%-ს ჩამოსცდა, მანქანათმშენებლობაში - მინუს 35%-ს, კვების მრეწველობაში - მინუს 25%-ს.

"ეს უდიდეს პრობლემებს უქმნით მრეწველებს, რომელთა თითქმის ნახევარი (48%) წარმოების ზრდის შეუძლებლობას უჩივის: იმ პირობებშიც კი, როცა საჭიროა რუსეთიდან მიმავალი უცხოური კომპანიების ჩანაცვლება, პროდუქციის გამოსაშვებად მუშა-ხელი უბრალოდ არ არის" - ნათქვამია კვლევის შემაჯამებელ მოხსენებაში.

ყოველი მეხუთე კომპანია (22%) იძულებულია, საკადრო შიმშილის გამო წარმოება შეამციროს, ყოველი მესამე (33%) აცხადებს, რომ პროდუქციის ხარისხზე პასუხისმგებლობის მოხსნა მოუწევს.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შეფასებით, სექტემბერში, მობილიზაციის გამოცხადებიდან მარტო პირველი კვირის განმავლობაში სამუშაო ძალის რაოდენობა ეკონომიკაში 600 000 ადამიანით შემცირდა.

და ეს მხოლოდ დასაწყისია: მოვლენათა ნეგატიური სცენარით განვითარების შემთხვევაში რუსულმა ეკონომიკამ შესაძლოა, სამუშაო ძალის 1,4% დაკარგოს, ეს კი მილიონ მოქალაქეზე მეტია, - ამბობს კომპანია "ლოკო-ინვესტის" ინვესტიციების დირექტორი დიმიტრი პოლევოი.

გარდა ამისა, მისი თქმით, მობილიზაციამ დაარტყა დემოგრაფიას, შრომის ბაზარსა და საინვესტიციო კლიმატს, და ეს ყველაფერი - იმ მომენტში, როცა რუსული ეკონომიკა კარგავს წვდომას დასავლურ ტექნოლოგიებსა და აღჭურვილობაზე.

ვენის საერთაშორისო ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის სპეციალისტების გათვლით, ჯარში გაწვევა წლის ბოლოს რუსეთის მშპ-ს სულ მცირე, 0,5%-ით შეამცირებს.

მესამე კვარტალში რუსეთის ეკონომიკამ წლიურ გამოხატულებაში 4% დაკარგა, მეოთხეში კი მისი შემცირება შესაძლოა, 7,1%-მდე დაჩქარდეს, - იუწყება რუსეთის ცენტრალური ბანკი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S