აშშ-მა და ბრიტანეთმა ევროპაში რუსეთის შეჭრის მოგერიებაში წვრთნები ჩაატარეს
11/11/2022 16:11:27 მსოფლიო
ამერიკელმა და ავსტრალიელმა სამხედროებმა ბრიტანელ რეინჯერებთან და დრონების ოპერატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს უდაბნო მოჰავეში გამართულ წვრთნებში, რომელშიც ევროპაში რუსეთის შეჭრა იყო იმიტირებული.
უკრაინის ომის გამოცდილებაზე დაყრდნობით ქვედანაყოფებმა შეისწავლეს ახალი ტაქტიკური ილეთები, ივარჯიშეს უკრაინის ლანდშაფტის მსგავს გარემოში, - იუწყება გამოცემა "Times".
პროექტ "კონვერგენციის" პირველ ნაწილში ნავარაუდევი იყო კონფლიქტი კუნძულზე წყნარ ოკეანეში. მეორე ეტაპი იმიტირებდა ომს ევროპაში. ორივე მოვლენა აშშ-რუსეთისა და აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში დაძაბულობის ზრდის ფონზე "ხდებოდა".
ჯამში ფორტ ირვინში გამართულ წვრთნებში 4500-მდე სამხედრომ მიიღო მონაწილეობა. ამ ბაზის ტერიტორიაზე შემორჩა ბუტაფორული სოფლები მეჩეთებითა და მინარეთებით, რომლებშიც ამერიკელი სამხედროები ავღანეთში ომისთვის ემზადებოდნენ. ახლო აღმოსავლეთში ომების დროს ავღანური და არაბული ენების მატარებლები ლოს-ანჯელესიდან უდაბნო მოჰავეში ჩაჰყავდათ, რათა წვრთნების დროს სამოქალაქო პირთა როლი შეესრულებინათ.
თუმცა ამჟამად მშვიდობიან მოქალაქეებს უმთავრესად რუსულენოვანები განასახიერებდნენ. "სამოქალაქოებს" Fakebook-სა და Twatter-ში საკუთარი ფეიქ-გვერდებიც კი ჰქონდათ შექმნილი, რომლებშიც ბრბოს ჯანყისკენ მოუწოდებდნენ, ჯარისკაცებს კი ბრბო უნდა დაეშოშმინებინათ.
ბრძოლის ველზე კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები იყენებდნენ 3D-პრინტერებს სხვა ქვეყნის აღჭურვილობისთვის სათადარიგო ნაწილების საწარმოებლად. ბრიტანელმა სამხედროებმა ასევე გამოსცადეს M-Raza - უდაბნოს პირობებში გადაადგილებისთვის გამიზნული ავტონომიური ბაგი და Mission Master-ი - გერმანული უპილიტო ყველგანმავალი.
უდაბნოში ჩატარებულმა წვრთნებმა უპილოტო საბრძოლო მანქანებში ინვესტირების გაზრდის აუცილებლობა წარმოაჩინა, - თვლის ბრიტანეთის თავდაცვითი შესწყიდვების მინისტრი ალექს ჩოკი. "ჩვენ ვნახეთ, როგორ მართავს ერთი ადამიანი 30-მდე დრონს. ეს არაა უბრალოდ უპილოტო საფრენი აპარატები დაზვერვისთვის. მათ ბრძოლის ველზე დარტყმების განხორციელებაც შეუძლიათ. დრონების მიერ მოპოვებული ამ მოცულობის მასალით ინფორმაციის ძალიან დიდი რაოდენობაა გასაანალიზებელი. მონაცემთა რაოდენობის კუთხით პრობლემა არ გვაქვს, პრობლემა მათი გადამუშავების კუთხით ფიქსირდება" — დასძენს ჩოკი.


