Accentnews.ge
უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შედიან ხერსონში - უკრაინის დაზვერვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შედიან ხერსონში - უკრაინის დაზვერვა

11/11/2022 14:47:08 ევროპა

ხერსონი უკრაინის არმიის კონტროლს უბრუნდება, – განაცხადა 11 ნოემბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ.

„ხერსონი უკრაინის კონტროლის ქვეშ ბრუნდება, ქალაქში შედიან უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილები. რუსი დამპყრობლების უკანდახევის მარშრუტები უკრაინის არმიის საცეცხლე კონტროლის ქვეშაა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებისთვის წინაღობის შექმნის ნებისმიერი მცდელობა გადაილახება. ყველა რუსი ჯარისკაცი, რომელიც წინააღმდეგობას გაწევს, განადგურდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყებამ ქალაქში დარჩენილ რუს სამხედროებს მოუწოდა, არ სცადონ გაქცევა სამოქალაქო ტანსაცმელში და ჩაბარდნენ:

”თქვენ გაქვთ ერთადერთი შანსი, რომ თავიდან აიცილოთ სიკვდილი - დაუყოვნებლივ დანებდეთ. ნებაყოფლობით ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინა სიცოცხლისა და უსაფრთხოების გარანტიას გაძლევთ. ჩვენ ვიცავთ ჟენევის კონვენციებს, ვაძლევთ სამხედრო ტყვეებს კვების, სამედიცინო დახმარების გარანტიას და შესაძლებლობას, გაიცვალონ უკრაინელ ტყვეებში“.

მანამდე უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი იუწყებოდა, რომ ხერსონში დარჩენილი რუსი სამხედროები სამოქალაქო ტანსაცმლის გადაცმას ცდილობდნენ.

მანამდე ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატმა სერგეი ხლანმა განაცხადა, რომ ხერსონის ცენტრში წინააღმდეგობის ძალებმა აღმართეს უკრაინის დროშა.

”დიახ, მართლაც, ხერსონის ცენტრში, სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან ჩვენმა წინააღმდეგობის მოძრაობამ უკვე დაკიდა დროშა, წინააღმდეგობის მოძრაობამ ასევე ჩამოიხსნა სამფეროვანი ნაჭრები [რუსეთის დროშები - რედ.] ... ახლა დასკვნითი ეტაპია –ხერსონის რაიონის მარჯვენა სანაპიროს, ქალაქ ხერსონის დეოკუპაცია. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა, რა თქმა უნდა, ქალაქის დალაგება, გასუფთავება“, - განაცხადა ხლანმა.

მისი თქმით, „რაშისტების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დნეპრი ვერ გადალახა“.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციისა და ვიდეოების მიხედვით, ხერსონის მოსახლეობა უკრაინის დროშებით გამოვიდა ქუჩებში. ქუჩის ბრძოლების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პარასკევს დილით ყველა რუსმა სამხედრო დატოვა დნეპრის მარჯვენა სანაპირო და გადავიდა მარცხენა სანაპიროზე, რაც ქალაქიდან გასვლსაც გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S