უკრაინაში განცდილი კრახის ფონზე რუსეთში იარაღის წარმოების უმსხვილესი სახელმწიფო პროგრამა შეჩერდა
11/11/2022 13:17:52 მსოფლიო
რუსეთის თანამედროვე ისტორიაში იარაღის წარმოების უმსხვილესი სახელმწიფო პროგრამა, რომელზეც ფედერალური ბიუჯეტიდან ბოლო 10 წლის განმავლობაში 20 ტრლნ რუბლი დაიხარჯა, უტილიზებულია, - იუწყება "The Moscow Times".
მისივე ინფორმაციით, ნოემბრის დასაწყისში პრეზიდენტმა პუტინმა არმიის მომარაგების ახალი ნორმატივების ჩამოყალიბებისა და "შეიარაღებული ძალების რეალურ საჭიროებებთან შესაბამისობაში მოყვანის" ბრძანება გასცა. მისი "უმოკლეს ვადებში" - 14 ნოემბრამდე შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებად პრემიერი მიშუსტინი და თავდაცვის მინისტრი შოიგუ განისაზღვრნენ.
პუტინმა დე-ფაქტო შეაჩერა იარაღის წარმოების სახელმწიფო პროგრამა — ძირითადი გეგმა, რომლის საფუძველზეც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ბოლო წლების განმავლობაში მუშაობდა. ამიერიდან იგი აღარ წარმოადგეს დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც შეიარაღების შესყიდვა წარმოებს და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ფინანსდება, - წერს გამოცემა "Ведомости" თავდაცვის სამინისტროში საკუთარ წყარმოებზე დაყრდნობით.
მისივე ინფორმაციით, ფაქტობრივად შეჩერებულია იარაღის წარმოების იმ ახალი სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაც, რომელიც 22 ტრლნ რუბლად იყო შეფასებული. მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ "უკრაინაში მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, აუცილებელია პრიორიტეტების გადახედვა".
2010 წელს ამოქმედებული სახელმწიფო პროგრამა, რომელიც შემდგომში ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ფართოვდებოდა, ყოველწლიურად დაახლოებით 2 ტრლნ რუბლს, ანუ თავდაცვის ბიუჯეტის 2/3-ს "ჭამდა". გეგმის თანახმად, 2020 წლისთვის ჯარს "არმატას" ტიპის ტანკების დივიზიონები, ახალი სტრატეგიული ბომბდამშენები, 600 თვითმფრინავი და ათასამდე ვერტმფრენი უნდა მიეღო, თანამედროვე შეიარაღების წილი კი თითქმის 70%-მდე უნდა გაზრდილიყო. მაგრამ უკრაინაში რუსული ჯარი ძველი ტექნიკით შევიდა და რამდენიმე თვეში მაღალი სიზუსტის რაკეტების მარაგიც ამოწურა. მასობრივი მობილიზაციის შემდეგ კი მოუმზადებელ ახალმობილიზებულებს მეორე მსოფლიო ომის დროინდელ იარაღს ურიგებენ.
კრემლი იძულებული შეიქმნა, შეიარაღების თხოვნით მიემართა ირანისა და ჩრდილოეთ კორეისთვის, ხოლო სამხედრო ფორმებისთვის - ბელარუსისთვის. თუმცა თუ სადღეისოდ ფრონტზე არსებული მდგომარეობით ვიმსჯელებთ, არც ეს აღმოჩნდა საკმარისი. ნოემბრის დასაწყისისთვის რუსებმა ამ დრომდე ოკუპირებული ტერიტორიების 2/3 დააბრუნეს, ხარკოვის ოლქისა და ხერსონის ჩათვლით.
სადღეისოდ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს "უკრაინაში სამხედრო ოპერაციებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღჭურვილობის წარმოება და მომსახურება აღარ ძალუძს", - განაცხადა 14 ოქტომბერს აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ უოლი ადეიემომ.
"სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს "დაარტყა" დასავლურმა სანქციებმა, რომლებმაც მწარმოებელი ქარხნები თანამედროვე ტექნოლოგიების საქონელს მოსწყვიტა. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა შეიქმნა მიკროელექტრონიკაში, სადაც იარაღის წარმოებისთვის აუცილებელი კომპონენტების მაგარი პრაქტიკულად ამოიწურა, - ამბობს ადეიემო.


