მედია – ხერსონში, ცენტრალურ მოედანზე უკრაინის დროშები აღმართეს
11/11/2022 12:45:22 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქ ხერსონში შევიდნენ, – ამის შესახებ ინფორმაცია, ფოტოები და ვიდეომასალა უკრაინულ მედიაში ვრცელდება. კადრებში ჩანს, როგორ ხვდებიან ადგილობრივები უკრაინელ დამცველებს.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, კადრები შუმენსკის რაიონშია გადაღებული. კადრებში ასევე ჩანს, რომ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე უკრაინის დროშებია აღმართული.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ–ჯერობით არ დადასტურებულა.
ცნობისთვის: რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ ხერსონიდან გასვლის ბრძანება 9 ნოემბერს გასცა.
10 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ვერც დაადასტურებენ და ვერც უარყოფენ ინფორმაციას ხერსონიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანის შესახებ. გენერალ ზალუჟნის თქმით, უკრაინის არმია ბრძოლას საკუთარი გეგმით განაგრძობს.
მოგვიანებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ დაადასტურა, რომ რუსეთმა ხერსონიდან ჯარების გაყვანის პროცესი დაიწყო.


