
ნარმანია: "მარეგულირებელი კომისია დეკემბრის თვეში ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს დაადგენს, თუმცა ზრდა მოსალოდნელი არ არის"
11/11/2022 08:47:40 საზოგადოება
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას განცხადებით, მარეგულირებელი კომისია დეკემბრის თვეში ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს დაადგენს, თუმცა ზრდა მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ ნარმანიამ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"რაც შეეხება ტარიფებს, ისინი რჩება უცვლელი. ელექტროენერგიის სექტორში აგვისტოში დავადგინეთ ტარიფები და ამ შემოდგომა -ზამთარში იქნება უცვლელი, ბაზის გახსნამდე მოქმედი ტარიფები დავტოვეთ ძალაში. დეკემბერში მარეგულირებელი კომისია დაადგენს ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს, ვინაიდან მოქმედ ტარიფებს დეკემბრის ბოლოს ეწურება ვადა, თუმცა არსებული კურსის პირობებში, ჩვენ ზრდას ამ ნაწილში არ ველოდებით“, – განაცხადა ნარმანიამ.
მისი თქმით, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის მოხმარება იმატებს:
"ელექტროენერგიის სექტორში ზაფხულის სეზონთან შედარებით, ზამთრის სეზონში 15-16%-ით მეტია, როგორც წესი, ელექტროენერგიის მოხმარება, ხოლო რაც შეეხება ბუნებრივი აირის მოხმარებას, 5-ჯერ უფრო მეტია ზამთრის პერიოდში. ეს განპირობებულია იმით, რომ ზამთრის სეზონზე ადრე ღამდება, მთელი რიგი დენმიმღებებისა და გაზის გამათბობლების ჩართვა უფრო ადრე ხდება საჭირო, შესაბამისად, მოხმარება უფრო იმატებს, შესაბამისად, დარიცხვის მოცულობა და გადასახდელი თანხის მოცულობაც მოიმატებს. თუ მომხმარებლებს მაინც კითხვები ექნებათ ან ფიქრობენ, რომ ზედმეტი დარიცხვა მოუვიდათ, ასეთ შემთხვევაში მათ შეეძლებათ მიმართონ მარეგულირებელ კომისიას".