The Daily Telegraph: "ხერსონიდან უკან დახევის დროს რუსი ჯარისკაცები დაჭრილ თანამებრძოლებსაც ადგილზე ტოვებენ"
11/11/2022 08:02:43 მსოფლიო
ხერსონიდან უკან დახევის დროს რუსი ჯარისკაცები დაჭრილ თანამებრძოლებსაც ადგილზე ტოვებენ, – იუწყება The Daily Telegraph.
"რუსული ძალები უკან იხევენ, რადგან დანაკარგებს განიცდიან, ძალიან მძიმე დანაკარგები აქვთ. უკან დახევის დროს არა მარტო თანამებრძოლების ცხედრებს, არამედ დაჭრილ თანამებრძოლებსაც ადგილზე ტოვებენ", – იტყობინება გამოცემა.
ცნობისთვის: 9 ნოემბერს უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურმა გენერალმა სერგეი სუროვიკინმა „შექმნილი სიტუაციის ყოველმხრივ შეფასების“ საფუძველზე, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიუგუს შესთავაზა, რომ სამხედრო ქვედანაყოფები გადაიყვანონ მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე". შოიგუ წინადადებას დათანხმდა და შესაბამისი განკარგულება გასცა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე, გაზაფხულიდან ოკუპირებული ქალაქი ხერსონი.
გენერალმა სუროვიკინმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ თუ კიევი გააგრძელებს კახოვკის ჰესიდან წყლის გაშვებას, ან დამცავ ჯებირზე უფრო ძლიერ სარაკეტო იერიშს მიიტანს, სამოქალაქო მოსახლეობა დამატებითი საფრთხის წინაშე დადგება, მარჯვენა ნაპირზე მყოფი რუსული ქვედანაყოფები კი, სრულ იზოლაციაში აღმოჩნდებიან. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო რუსეთის საოკუპაციო ძალების განცხადებები, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურს საფრთხეს უკრაინელი სამხედროები უქმნიან.
10 ნოემბერს აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ "შეერთებული შტატები ხედავს, რომ რუსეთი ხერსონიდან ჯარების გაყვანას იწყებს".
2022 წლის 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ანექსირებულად გამოაცხადა. მანამდეც და შემდეგაც უკრაინის არმია ხერსონის ოლქში კონტრშეტევას განაგრძობდა და ათეულობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა. ბოლო პერიოდში დასავლეთის სახელმწიფოთა დაზვერვის სამსახურები და ანალიტიკური ცენტრები ვარაუდობდნენ, რომ რუსეთი კახოვკის ჰესზე დარტყმის საფრთხეს გამოიყენებდა მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან გასვლის საბაბად.


