ზელენსკი: "9 ნოემბრის შემდეგ უკრაინამ სამხრეთში 41–ზე მეტი დასახლება გაათავისუფლა"
11/11/2022 07:16:31 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 9 ნოემბრის შემდეგ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში რუსეთის ოკუპაციისგან 41–ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს.
"უკრაინული დროშების რაოდენობა, რომლებიც სამართლიან ადგილს უბრუნდება მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში უკვე ათეულობითაა. 41–ზე მეტი დასახლება გათავისუფლდა. მადლობა ჩვენს ყველა გმირს, ვინც ეს დაწინაურება შესაძლებელი გახადა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის: 9 ნოემბერს უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურმა გენერალმა სერგეი სუროვიკინმა „შექმნილი სიტუაციის ყოველმხრივ შეფასების“ საფუძველზე, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიუგუს შესთავაზა, რომ სამხედრო ქვედანაყოფები გადაიყვანონ მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე". შოიგუ წინადადებას დათანხმდა და შესაბამისი განკარგულება გასცა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე, გაზაფხულიდან ოკუპირებული ქალაქი ხერსონი.
გენერალმა სუროვიკინმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ თუ კიევი გააგრძელებს კახოვკის ჰესიდან წყლის გაშვებას, ან დამცავ ჯებირზე უფრო ძლიერ სარაკეტო იერიშს მიიტანს, სამოქალაქო მოსახლეობა დამატებითი საფრთხის წინაშე დადგება, მარჯვენა ნაპირზე მყოფი რუსული ქვედანაყოფები კი, სრულ იზოლაციაში აღმოჩნდებიან. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო რუსეთის საოკუპაციო ძალების განცხადებები, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურს საფრთხეს უკრაინელი სამხედროები უქმნიან.
2022 წლის 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ანექსირებულად გამოაცხადა. მანამდეც და შემდეგაც უკრაინის არმია ხერსონის ოლქში კონტრშეტევას განაგრძობდა და ათეულობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა. ბოლო პერიოდში დასავლეთის სახელმწიფოთა დაზვერვის სამსახურები და ანალიტიკური ცენტრები ვარაუდობდნენ, რომ რუსეთი კახოვკის ჰესზე დარტყმის საფრთხეს გამოიყენებდა მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან გასვლის საბაბად.


