პეტერბურგში საქართველოდან ჩასული პოლიტოლოგი დააკავეს
10/11/2022 17:41:45 მსოფლიო
სანქტ-პეტერბურგში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს პოლიტოლოგის, მოძრაობა „სოლიდარობის“ პოლიტსაბჭოს წევრის ევგენი ბესტუჟევის წინააღმდეგ. მას რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ცნობების გავრცელებას ედავებიან. ამის შესახებ ინფორმაცია „ОВД-Инфо"-მ ბესტუჟევის ახლობელზე დაყრდნობით გაავრცელა.
ხსენებული ინფორმაცია გამოცემა MR7.ru -ს პოლიტოლოგის მეგობარმა გეორგ გაბრიელიანმა დაუდასტურა. გამოცემის ინფორმაციით, დღეს გახდა ცნობილი, რომ ევგენი ბესტუჟევი 25 ოქტომბერს დააკავეს, მის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად კი კომპიუტერი ამოიღეს.
"უცნობია კონკრეტულად რომელი ქმედების გამო ადანაშაულებენ ბესტუჟევს, ვინაიდან სოციალურ ქსელ ВКонтакте-ს გვერდზე იძებნება მრავალი "პოსტი", რომლებითაც ბესტუჟევი რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კი ომის დაწყებაში ადანაშაულებს", – იუწყება "რადიო თავისუფლების" პროგრამა Север.Реалии.
გეორგ გაბრიელიანმა MR7.ru-ს უთხრა, რომ ბესტუჟევი 2022 წლის ზაფხულში „სოციალურ ქსელებში მისი "პოსტების" გამო გამოძიებამ გამოჰკითხა“. ოქტომბერში ბესტუჟევი საქართველოში იმყოფებოდა, რუსეთში დაბრუნებიდან ხუთი დღის შემდეგ კი დააკავეს. უცნობია, აღკვეთის რა ღონისძიება შეეფარდა მას.
მოძრაობა „სოლიდარობა“ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის კრიტიკოსია.


