Amnesty International: "რუსეთის მიერ უკრაინელების იძულებითი გადასახლება უნდა იქნას გამოძიებული, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული"
10/11/2022 16:55:05 მსოფლიო
უფლებადამცავი ორგანიზაცია Amnesty International აცხადებს, რომ "რუსეთის მიერ უკრაინელების იძულებითი გადასახლება უნდა იქნას გამოძიებული, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული".
"რუსული ძალები აწამებდნენ და ასახლებდნენ უკრაინიდან სამოქალაქო პირებს. რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოქალაქეების იძულებით დეპორტაცია მოახდინა, რაც ომის დანაშაულს და კაცობრიობის წინააღმდეგ სავარაუდო დანაშაულს წარმოადგენს", – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.
როგორც Amnesty International-ის გენერალური მდივანი აგნეს კალამარი აცხადებს, „ოჯახებიდან ბავშვების და ხალხის ასობით კილომეტრით დაშორება იძულებით საკუთარი სახლებიდან კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რა მძიმე ტანჯვა მიაყენა რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას“.
"ფილტრაციის დროს დაკავებული პირები აცხადებდნენ, რომ განიცდიდნენ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, მათ შორის ცემას, ელექტროშოკით წამებას და სიკვდილით დასჯის მუქარას. ზოგ მათგანს არ აძლევდნენ საკვებსა და წყალს", – ნათქვამია ანგარიშში..
Amnesty International-მა გამოკითხა 88 ადამიანი უკრაინიდან. მათ შორის უმრავლესობა მარიუპოლიდან. გამოიკითხნენ ასევე ხარკოვის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების მშვიდობიანი მოქალაქეები.
ანგარიშის ავტორები გამოდიან მოწოდებით, უკრაინის მოსახლეობის ძალით გადაადგილების საქმეზე საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს.


