
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
10/11/2022 08:11:29 კონფლიქტები
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 109-ე შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავარი განსახილველი საკითხი იქნება უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლება და ასევე - უკანონო ბორდერიზაციის პროცესი.
„შეხვედრებს შორის პერიოდში დაფიქსირდა ბორდერიზაციის 9 ფაქტი გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე [ბორდერიზაციის] პროცესი არ დაფიქსირებულა“,- აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.
მისი ცნობით, ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს 4 მოქალაქე.
"წინა შეხვედრის შემდეგ უკანონო დაკავების 6 ფაქტი დაფიქსირდა, ისინი ყველანი დაბრუნდნენ ოჯახში, ფაქტობრივად იმავე დღეს", - თქვა ირაკლი ანთაძემ.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგებში წინა შეხვედრა ერგნეთში 23 სექტემბერს გაიმართა,
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამოქმედდა. პროცესს ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ.