უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა მოსკოვის ახალ განცხადებას მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის თაობაზე
09/11/2022 19:45:48 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას მოსკოვის მზადყოფნის შესახებ უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის მორიგი „კვამლის საფარი“. რუსი ოფიციალური პირები მოლაპარაკებებს იხსენებენ ყოველ ჯერზე, როცა რუსული ჯარები მარცხდებიან ბრძოლის ველზე. მოსკოვი არ არის დაინტერესებული უკრაინაში მშვიდობის აღდგენით. დიალოგისთვის მზადყოფნის სიმულაციით, რუსეთის ფედერაცია ცდილობს, მოიგოს დრო დანაყოფების გადაჯგუფებისთვის, მობილიზებული რუსების მოსამზადებლად, იარაღის ნაკლებობის საკითხის მოსაგვარრბლად, ლოგისტიკური ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომ შემდეგ განახლებული ენერგიით მიმართოს აგრესიის ახალ ტალღებს. ეს ჩვენ უკვე გავიარეთ 2014-2015 წლებში. ვინც ნამდვილად არის დაინტერესებული სამშვიდობო მოლაპარაკებებით, არ ანგრევს ქალაქებსა და სოფლებს, არ კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, არ ანადგურებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, არ დასცინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, არ უქმნის წინააღმდეგობას პროდუქტის მიწოდებას“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინამ არაერთხელ შესთავაზა მოლაპარაკებები: ”მაგრამ ის ყოველთვის იღებდა ან უარყოფით რეაქციას და მოთხოვნას, დამორჩილებოდა კრემლის ულტიმატუმებს, ან მორიგ გენოციდის აქტს უკრაინელების წინააღმდეგ”.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, ხერსონის ჩაბარება არ არის მოლაპარაკების პროცესის საწყისი წერტილი.
„ეს ნონსენსია – სერიოზული საუბარი მოლაპარაკებებზე ხერსონის გათავისუფლების შემდეგ, ლუგანსკის გათავისუფლების შემდეგ და მსგავსი რამ“, - ციტირებს პოდოლიაკს BBC News–ის რუსული სამსახური.
მისი თქმით, მოსკოვი გეგმავს, ზავი სამხედრო რესურსების შესავსებად გამოიყენოს, რათა მომავალში ახალი შეტევის წამოწყება სცადოს.
„უკრაინის პრეზიდენტი მკაფიოდ აცხადებს: მათ დატოვეთ უკრაინის ტერიტორია - ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მოლაპარაკებების პროცესი“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ფაქტობრივად, სიტყვა–სიტყვით გაიმეორა ერთი კვირის წინ წარმოთქმული თეზისები და განაცხადა, რომ რუსები მზად არიან უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის „იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ახლა ჩნდება“.
„ჩვენ კვლავ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ მასზე უარი არასდროს გვითქვამს. მზად ვართ, წარვმართოთ ის, რა თქმა უნდა, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ამ მომენტში ვითარდება“, - ციტირებს ზახაროვას რუსული სახელმწიფო სააგენტო «РИА Новости» 9 ნოემბერს.
2 ნოემბერს ზახაროვამ აღნიშნა: „ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით აშკარა, ცალსახა სიგნალებს კიევის რეჟიმისგან მოლაპარაკებების პროცესის განახლების სურვილის შესახებ, ახალი ტერიტორიული რეალობისა და ადგილზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით“.
9 ნოემბრის განცხადებაში მარია ზახაროვამ არ დააკონკრეტა ხერსონისა და ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპირო ნაწილის სტატუსი, საიდანაც გამოცხადდა რუსული ჯარების გაყვანა.
ხოლო 8 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო ირწმუნებოდა, რომ ქვეყანა მზადაა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს წინაპირობების გარეშე.
„ჩვენი მხრიდან არანაირი წინაპირობა არ არსებობს, გარდა მთავარი პირობისა: უკრაინამ გამოიჩინოს კეთი ნება“, - აცხადებდა რუდენკო.


