პუტინმა რუსეთის "ტრადიციული ღირებულებები" განსაზღვრა
09/11/2022 19:29:50 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა „ტრადიციული სულიერ–მორალური ფასეულობების შენარჩუნებისა და განმტკიცების რუსული სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები“.
ფორმულირების თანახმად, ტრადიციული ღირებულებები არის „მორალური ორიენტირები, რომლებიც გადაეცემა თაობიდან თაობას და ემყარება სამოქალაქო იდენტობას“. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის „ტრადიციული ფასეულობების“ ჩამონათვალში შედის „სიცოცხლე, ღირსება, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, პატრიოტიზმი, სამშობლოს მსახურება, მაღალი მორალური იდეალები, ძლიერი ოჯახი, შემოქმედებითი შრომა და სულიერის უპირატესობა მატერიალურზე“.
ტრადიციული ღირებულებების „საფრთხე“, დოკუმენტის მიხედვით, არის ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციების, ცალკეული მედიის, შეერთებული შტატების და სხვა არამეგობრული სახელმწიფოების, ასევე ზოგიერთი ორგანიზაციისა და პიროვნების ქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე.
ტრადიციული ფასეულობებისადმი „დამღუპველადაა“ გამოცხადებული ეგოიზმისა და უზნეობის კულტივირება, პატრიოტიზმის იდეალების უარყოფა
მსოფლიო ისტორიასა და კულტურაში რუსეთის პოზიტიური წვლილის უარყოფა, არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდა და ა.შ.
დადგენილების თანახმად, ის უნდა გახდეს სახელმძღვანელო რუსეთის ფედერაციაში განათლების, კულტურისა და მედიისთვის, ხოლო სამართალდამცავმა უწყებებმა „უნდა გააუმჯობესონ უცხო იდეოლოგიების გავრცელების აღკვეთის მეთოდები“.
რუსი პოლიტიკოსები ხშირად ახსენებენ „ტრადიციულ ღირებულებებს“. ბევრი იურისტის აზრით, ეს კონცეფცია ძალიან ბუნდოვანია. ყველაზე ხშირად მასთან ერთად საუბრობენ პატრიოტიზმზე (კონკრეტული მნიშვნელობის დაკონკრეტების გარეშე), „დასავლეთის გავლენისთვის“ წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობაზე (დაზუსტების გარეშე), ლგბტ თემის ხსენების მაქსიმალურ აკრძალვაზე.


