СБУ: "რუსეთი უკრაინის სტრატეგიულ ობიექტებზე ყოველდღიურად 10-ზე მეტ კიბერშეტევას ახორციელებს"
09/11/2022 12:08:54 მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ილია ვიტიუკის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის სტრატეგიულ ობიექტებზე ყოველდღიურად 10-ზე მეტ კიბერშეტევას ახორციელებს.
"რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, თან ახლავს ძლიერი კიბერშეტევები, რათა ზიანი მაქსიმალური იყოს. თუმცა, ასეთი სცენარები პროგნოზირებადია და შესაბამისად, ვერ აღწევენ მიზანს. СБУ მუდმივად ბლოკავს კიბერშეტევებს ენერგეტიკულ ობიექტებზე. ეს ინდუსტრია ინფრასტრუქტურასთან და ლოჯისტიკასთან ერთად რუსული სპეცსამსახურების პრიორიტეტული სამიზნეა. კიბერშეტევების უმეტესობა საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი რჩება, მაგრამ არა სპეციალისტებისთვის. მტერს სურს, რომ ელექტროენერგიის, წყლის, გათბობის, კომუნიკაციებისა და ინტერნეტის გარეშე დავრჩეთ. ისე, რომ ადამიანებმა ვერ მიიღონ ინფორმაცია, ვერ დაუკავშირდნენ საყვარელ ადამიანებს, ვერ გადაიხადონ მაღაზიაში. მაგრამ ეს ახლა აბსოლუტურად შეუძლებელია ჩვენი მომზადებისა და რეაგირების ამ დონეზე. უარეს შემთხვევაში, მაგალითად, კიბერშეტევის გამო შეიძლება, ცოტა ხნით გამორთონ დენი, ან ზოგიერთმა სერვისმა მოკლე დროით არ იმუშაოს, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ, რომ ეს არ მოხდეს“, - აღნიშნა ილია ვიტიუკმა.
ცნობისთვის: რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტმა 3500-ზე მეტი კიბერშეტევა მოიგერია რუსეთიდან, უკრაინის სახელმწიფო ორგანოებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.


