უკრაინის მთავრობა სამინისტროების რაოდენობის 20-დან 14-მდე შემცირებას გეგმავს
09/11/2022 12:05:09 მსოფლიო
უკრაინის მთავრობა სამინისტროების რაოდენობის 20-დან 14-მდე შემცირებას გეგმავს, – იუწყება უკრაინული მედია.
მისი ცნობით, უკრაინის მუნიციპალიტეტებისა და ტერიტორიების განვითარების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამთავრობო ოფისი ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიების განვითარების სამინისტროში გაერთიანდება.
ამასთან, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ფუნქცია კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს დაემატება და მას ევროპული ინტეგრაციის, კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრო დაერქმევა.
ეკონომიკის სამინისტრო, სტრატეგიული მრეწველობის სამინისტროს ნაწილი და აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტრო, ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გაერთიანდებიან.
ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო, უკრაინის საჯარო სამსახურის ეროვნული სააგენტო და სტრატეგიული მრეწველობის სამინისტროს ნაწილი ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროში გაერთიანდება.
ეკოლოგიის სამინისტრო კი დასახელებას შეიცვლის და მას ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურესბის სამინისტრო დაერქმევა.
უცვლელი სახით დარჩებიან შემდეგი უწყებები: ენერგეტიკის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო.
უკრაინული მედიის ცნობით, სამინისტროების ცენტრალურ უწყებებში - 9200-დან 2800-მდე შემცირდება თანამშრომლების რაოდენობა. იგეგმება სამინისტროების ტერიტორიულ ორგანოებსა და სხვა სამთავრობო სამსახურებში თანაშრომლების შემცირებაც.


