პესკოვი ოკუპირებულ ლუგანსკში იმყოფებოდა
09/11/2022 09:25:22 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანი დმიტრი პესკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ლუგანსკში იმყოფებოდა. ამის შესახებ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის სერგეი კირიენკოს დღევანდელი გამოსვლიდან გახდა ცნობილი.
კერძოდ, მოსკოვში გამართულ საზოგადოება „ცოდნის“ ღონისძიებაზე. კირიენკომ განაცხადა, რომ "პესკოვი გასულ ღამით დაბრუნდა ლუგანსკიდან, სადაც სწავლების პროგრამას ატარებდა ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და პრესსამსახურების წარმომადგენლებისთვის“.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები ანექსირებულად გამოაცხადა 2022 წლის 30 სექტემბერს, თუმცა ამ ტერიტორიებს სრულად დღემდე ვერ აკონტროლებს უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევების შედეგად.


