პენტაგონი – რუსეთმა ტანკების მარაგის სავარაუდოდ, ნახევარი დაკარგა და ზუსტი მართვადი იარაღის უმეტესი ნაწილი უკვე გამოიყენა
09/11/2022 07:41:59 მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში კოლინ კალი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ ტანკების მარაგის სავარაუდოდ, ნახევარი დაკარგა და ზუსტი მართვადი იარაღის უმეტესი ნაწილი უკვე გამოიყენა. ამის შესახებ მან ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, „პუტინმა ამ ომში სტრატეგიული მარცხი განიცადა“.
"რუსეთი ამ ომიდან უფრო დასუსტებული გამოვა, ვიდრე მანამდე იყო. რუსეთის არმიამ ტანკების სავარაუდოდ, ნახევარი დაკარგა. მათ უკვე გამოიყენეს ზუსტი მართვადი იარაღის უმეტესი ნაწილი და სანქციები და ექსპორტის კონტროლი ძალიან გაართულებს მათი სამხედრო შესაძლებლობების აღდგენას იმ მდგომარეობაში, რომელიც ომამდე იყო. პუტინი წავიდა ომზე და ცდილობდა, გაენადგურებინა უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული დემოკრატიული ქვეყანა. მან ეს ვერ შეძლო და ვერც შეძლებს, სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინა კვლავ იარსებებს", – განაცხადა კალმა.
მისი თქმით, უკრაინას წინსვლისთვის აშშ–ის ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.


