მედია – ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელს შესაძლოა, გაცვლისთვის ამზადებდნენ
08/11/2022 19:15:42 მსოფლიო
საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულ რუსეთის მოქალაქეს ვადიმ კრასიკოვს შესაძლოა, გაცვლისთვის ამზადებდნენ, – იუწყება გერმანული მედია.
მისი ცნობით, ოქტომბრის ბოლოს კრასიკოვი ბერლინის ტეგელის მკაცრი რეჟიმის ციხიდან ბავარიაში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ კრასიკოვს საფრთხე ემუქრებოდა და შურისძიების ეშინოდა, რადგან ბერლინში ჩეჩნური წარმოშობის ბევრი ადამიანია დაპატიმრებული, მეორე ვერსიით კი, კრასიკოვი ეიზენჰუტენშტადტში "დეპორტირებულთა სპეციალური დაკავების ცენტრში" გადაიყვანეს.
გარდა ამისა, გერმანული მედია წერს, რომ ტეგელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის რუსეთში უნდა გაეგზავნათ, რადგან პატიმრების გაცვლის ნაწილი იყო.
2022 წლის ივლისში რუსეთმა წამოაყენა კრასიკოვის ექსტრადირების საკითხი აშშ-ის ორი მოქალაქის ბრიტნი გრინერისა და პოლ უილანის სანაცვლოდ. მაშინ ბერლინის სასამართლომ ეს შუამდგომლობა განიხილა და უარყო.
ცნობისთვის: გამოცემა The Insider, დამოუკიდებელი ჯგუფი Bellingcat და ჟურნალი Der Spiegel იტყობინება, რომ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკველელი ვადიმ კრასიკოვი, ფსბ-ს სპეციალურ ქვედანაყოფ „ვიმპელში“ მსახურობდა. როგორც გამომძიებლები აღნიშნავენ, მას ასევე ბრალი მიუძღვის რუსეთში ორი ბიზნესმენის შეკვეთილ მკვლელობებში.
ბერლინის სასამართლოს მოსამართლეებმა გაიზიარეს ბრალდების მხარის არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვმა ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით განახორციელა. 2021 წლის დეკემბერში კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
მოგვიანებით, ბერლინის სასამართლოს განაჩენს, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. ლავროვის უწყებამ მკვლელობასთან რუსეთის სახელმწიფო ორგანოების კავშირის შესახებ ბრალდებები "კატეგორიულად უარყო" და მათ "სრულიად უსაფუძვლო, რეალობას მოწყვეტილი" უწოდა, თავად ხანგოშვილს კი - "ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი ტერორისტული ბანდფორმირებების ერთ-ერთი ლიდერი".
"რუსეთი ღრმადაა იმედგაცრუებული გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ორი რუსი დიპლომატის გაძევების თაობაზე. ბერლინში ეჭვი არ უნდა ეპარებოდეთ, რომ მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს", – განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.
ცალკე კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, რომელმაც ხანგოშვილის საქმე "პოლიტიზირებულად" მოიხსენია.
ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მდებარე პარკში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.


