
ოკუპირებულ ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები იმყოფებოდნენ
08/11/2022 18:37:34 კონფლიქტები
დღეს ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ეუთო–ს, გაერო–სა და ევროკავშირიდან ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში იმყოფებოდნენ და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
"ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი დოკუმენტის შემუშავება ერთ-ერთი მთავარი საკითხია ჟენევის დისკუსიების მონაწილეებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სამხრეთ ოსეთისთვის, ისე საქართველოს მთავრობისთვის, რომ რუსეთმა დაადასტუროს ეს ვალდებულება. ეს არის საკვანძო მომენტი ჟენევის დისკუსიების მუშაობისთვის“ , - განაცხადა, ადგილობრრივი მედიის ცნობით, ტოივო კლაარმა.
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დღეს დე ფაქტო მთავრობის წარმოადგენლებთან განიხილა ჟენევის მოახლოებული რაუნდის დღის წესრიგის ყველა საკითხი.
„ჩვენ განვიხილეთ ბოლო რაუნდის შთაბეჭდილებები და გავუზიარეთ ჩვენი შეხედულებები წინსვლის შესახებ. ჩვენ, როგორც თანათავმჯდომარეები, მოხარული ვიყავით, რომ მოვისმინეთ მხარეების ვალდებულება პროცესისადმი. ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა, რომელსაც ჟენევის პროცესი მიზნად ისახავს, არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების განხორციელება. ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების იმპლემენტაცია აქ, ცხინვალში, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კლაარმა.
მედვედევ-სარკოზის 6-პუნქტიანი შეთანხმების მიხედვით, რუსეთის საოკუპაციო ძალა 7 აგვისტომდელ მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს, ესე იგი გავიდეს ცხინვალის რეგიონიდან. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას რეგიონში შესვლის უფლება უნდა მიეცეს, რასაც ამჟამად მოკლებულია.
ჟენევის დისკუსიებზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა, დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. სახელმწიფო მრჩეველმა კონსტანტინე კოჩიევმა აღნიშნა, რომ დღეს ჟენევის დისკუსიები აღარ არის გაყინული პროცესი.
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჟენევის ფორმატში. დღევანდელი შეხვედრა შედგა ოქტომბრის დასაწყისში გამართული ჟენევის დისკუსიების რაუნდის შემდეგ. დღეს ჟენევის დისკუსიები აღარ არის გაყინული პროცესი. დღის წესრიგში ყველა მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს. მათ შორის, უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტზე მუშაობა. ანუ საკითხების მთელი სპექტრი, რომელსაც სამხრეთ ოსური მხარე თვლის მნიშვნელოვნად“, - აღნიშნა კოჩიევმა.
5 ოქტომბერს შვეიცარიაში ჟენევის მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი შედგა. ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებები პირველად გაიმართა 2021 წლის დეკემბრის შემდეგ, ამის მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრა და საერთაშორისო სანქციები იყო.
ბოლო 56 -ე რაუნდის შემდეგაც დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად დამავალდებულ დოკუმენტზე ხელმოწერას ითხოვს. ქართული მხარე კი ასეთი დოკუმენტის მიღებას მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან განიხილავს. ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდი მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება.